აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სალხინოში პროექტის „ევროპული არდადეგები“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა

სალხინოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

პროექტის გახსნაზე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ მიმართეს.

პროექტის ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ერთდღიანი სემინარების ციკლი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე. გაიმართა შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, დევნილი ახალგაზრდებისთვის სალხინოს ტერიტორიაზე ექსკურსია მოეწყო.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა შენგელია იმყოფებოდნენ.

პროექტი საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი კომპონენეტებისგან შედგება. მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე,  მათი ჩართულობის გაზრდა აღნიშნულ პროცესში, ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა. ასევე, ახალგაზრდებისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტურისტული პოტენციალის, ღირსშესანიშნაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.