აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სენაკის მუნიციპალიტეტის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ

კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია ჩატარდა.

COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სენაკში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.

მოსახლეობას ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჯვარის და სენაკის დევნილთა პოლიკლინიკების მედიკოსების მიერ გაუკეთდა. აფხაზეთიდან დევნილებს, ასევე, COVID-19-ის სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.

ტესტირების შედეგად გამოვლენილ, კორონავირუსით ინფიცირებულ დევნილ ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები გადაეცათ და კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ ყველა დევნილს სამედიცინო პირბადეები დაურიგდა.

COVID-19-ის საპრევენციო ღონისძიებები აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.