აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

თელავში აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერ შოთა ნარეკლიშვილთან ერთად ქალაქ თელავში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო დევნილი მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია და სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში დევნილი მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას საცხოვრებელ კორპუსებამდე მისასვლელი მოუწესრიგებელი გზა წარმოადგენდა. მიმდინარე წელს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სოხუმის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, რომელიც ცენტრალური და ადგილობრვი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ამავე ქუჩაზე აშენდა ახალი ავტოსადგომი, რაც დევნილი მოსახლეობისთვის ქალაქის მასშტაბით კომფორტული გადაადგილების საშუალებას იძლევა.