აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 5 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (2 სამხედრო, 3 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

კონფლიქტის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი პირიდან ხვალ ერთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენ მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.

ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 589 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 211.