აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რომში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის განახლებული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით იტალიაში, რომში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის განახლებული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და ICMPD-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გზამკვლევი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროგრამა ENIGMA 2-ის ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD) იტალიის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის შეადგინა. გზამკვლევები ასევე შექმნილია  ესპანეთსა და საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორებისთვის. 

პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას  პროგრამის  „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2018-2019 და 2020-2021 წლების გამარჯვებულებმა ნენო გაბელიამ და მარიამ ბოჭორიშვილმა წარუდგინეს.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები. ორმაგი მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სერვისების განვითარების სააგენტოს, მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ოდიშარიამ ისაუბრა.

დამსწრე საზოგადოებას სამინისტროს მიერ განხორციელებული საგრანტო პროგრამების - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ შესახებ ინფორმაცია მიეწოდა.