აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოებას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია „დიასპორის დაჯილდოება 2021“ გაიმართა.

ცერემონია ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

2021 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში: ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის, საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს უცხოელი მეგობარი. ნომინაციაზე „საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის“ გამარჯვებულ ხატია ხაბულიანს ჯილდო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გადასცა.

„დიასპორის დაჯილდოება 2021“-ის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარება, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარების საქმეში, საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტისა და მეცნიერების პოპულარიზაციაში.

დაჯილდოების ცერემონიაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს ესპანეთიდან და სლოვენიიდან ჩამოსულმა ანსამბლებმა. ორივე ანსამბლი ქართულ კლასიკურ და ხალხურ მუსიკას ასრულებს და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ესპანელი და სლოვენიელი მომღერლებისგან.

ღონისძიება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) თანამშრომლობით გაიმართა.