აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორს შეხვდნენ

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორ თეონა იაშვილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს საქმიანობის შესახებ, სადაც სამუშაო პროცესი დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები აფხაზეთის არქივის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და არქივში არსებული დოკუმენტების გაციფრულების თაობაზე, სადაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საარქივო დოკუმენტების შენახვის პირობები ბევრად უკეთ იქნება დაცული.

საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით, თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთის არქივის თანამშრომლებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და გაეწევათ კონსულტაციები საარქივო მასალების, მათ შორის, ოჯახებში შემონახული დოკუმენტების ახალი ტექნოლოგიებით დამუშავებისა და ელექტრონულ კატალოგში განთავსების შესახებ, რომელიც უფრო გაამარტივებს და ხელმისაწვდომს გახდის არქივში შენახული მასალების მოძიებას და გამოყენებას.