აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე ზუგდიდში რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სექტორთშორის დიალოგს.

ფორუმში მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის, სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

ფორუმი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა და მისი მიზანია ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია სამეგრელოში.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ასევე ორგანიზაციების გამოფენა, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.