აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, დავით ფაცაცია, სასტუმრო ,,ბილტმორში,, , რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ წარდგენილ, 2018-2019 წლების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

სტუმრებს ანგარიში წარუდგინა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც ისაუბრა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებასა და იმ ძირითად ღონისძიებებზე, რასაც სააგენტო ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების, შემწყნარებლური გარემოს განმტკიცებისთვის ახორციელებს. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც უხეშად ირღვევა მკვიდრი მოსახლეობის, ქართველების უფლებები რელიგიის, გამოხატვის, გადაადგილების თავისუფლების კუთხით. ასევე, ქართული ტაძრების მისაკუთრების, მათი თვითნებური გადაკეთების, დაზიანებისა და განადგურების ტენდენციაზე. სააგენტომ, ამავე ღონისძიებაზე საზოგადოებას წარუდგინა ფოტოალბომი, სახელწოდებით ,,რწმენა თავისუფლების აქტია“.

სააგენტოს თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი სახოკიამ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ, თბილისის საპატიო მოქალაქემ, ჟურნალისტმა ჯამლეტ ხუხაშვილმა, რომლებმაც დადებითი შეფასება მისცეს რელიგიის სააგენტოს საქმიანობას და აღნიშნეს, რომ მას რელიგიის სააგენტოს საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის, სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობების მოწესრიგების, ქვეყანაში ტოლერანტული რელიგიური გარემოს ჩამოყალიბების საქმეში.