აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკო

დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას 73 წელი შეუსრულდებოდა. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, ეროვნული გმირის სხსოვნის პატივსაცემად საფლავი ყვავილებით შეამკო.

გურამ გაბესკირია დაიბადა 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში. 1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა. 1993 წლის 27 სექტემბერს, როდესაც ქალაქი სოხუმი რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს, მან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან (ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, მამია ალასანია და სხვები) ერთად, უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე და აფხაზი და დაქირავებული ჩრდილოკავკასიელი ბოევიკიების მიერ ტყვედ იქნა აყვანილი. დატყვევებული მთავრობის წევრები, მათ შორის გურამ გაბესკირია, აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს.

სოხუმის ბოლო დღის ამსახველ ვიდეოში  ჩანს გურამ გაბისკირია, რომელიც ოკუპანტების მოთხოვნაზე „დაიჩოქე“ პასუხობს – ”არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!”- იყო გურამ გაბისკირიას შეუვალი პასუხი…

2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირია სიკვდილის შემდეგ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაჯილდოებულ იქნა საქართველოს უმაღლესი ჯილდოთი — საქართველოს ეროვნული გმირის წოდებითა და ორდენით. 2017 წლის ოქტომბერში გურამ გაბესკირიას ნეშტი იდენტიფიცირებულ იქნა და სამხედრო პატივით დაიკრძალა თბილისში.