აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ტამიშის ბრძოლის დღე.

აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 28 წელი გავიდა.

1993 წლის 2 ივლისს 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

„2 ივლისი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან გამართულ ბრძოლაში ასეულობით ქართველმა მებრძოლმა ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებას და ამით ეს თარიღი აქციეს ქართველი ჯარისკაცების ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითად.

თითოეული ჩვენგანის ვალია პატივი მივაგოთ საქართველოს ერთგულ შვილებს და  დავაფასოთ მათი თავგანწირვა.

პატივი და დიდება საქართველოს ერთიანობისთვის თავდადებულ გმირებს!“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ