აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ფოთში, პროექტის -„დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ მონაწილე  მოზარდებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ

ფოთში, პროექტი -„დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ წარმატებით დასრულდა.  პროექტის ყველა მონაწილეს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა, ნანა გაბელიამ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

რუსლან აბაშიძემ პროგრამის მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ მინისტრის აპარატის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. დევნილ ახალგაზრდებზე, მათ განვითარებასა და ხელშეწყობაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა.  სოფელ ფოცხოეწერსა და ქალაქ ფოთში პროექტის წარმატებულმა მიმდინარეობამ დაადასტურა მსგავსი სივრცეების არსებობის და ფუნქციონირების საჭიროება. შესაბამისად, უახლოეს მომავალში მსგავსი პროექტის განხორციელება ქალაქ რუსთავში იგეგმება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი რეგიონი მოვიცვათ და მივცეთ დევნილ ახალგაზრდებს განვითარების და წინსვლის დამატებითი შესაძლებლობა“-განაცხადა მინისტრმა ნანა გაბელიამ.

ორი თვის განმავლობაში მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი 10 წლიდან - 18 წლამდე ასაკის 50 მოზარდი შემეცნებით-გასართობი ხასიათის ტრენინგებს ესწრებოდა. პედაგოგების დახმარებით დევნილი ბავშვები და მოზარდები სხვადასხვა უნარ-ჩვევებს ეუფლებოდნენ, თავისუფალ დროს ნაყოფიერად და საინტერესოდ ატარებდნენ.

ღონისძიება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტის დახურვას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მინისტრის მოადგილეები გიორგი გაბედავა, მარინე გითოლენდია  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ნანა გაბელიამ რუმინეთის კონსულს მინისტრის აპარატის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოში რუმინეთის კონსულმა  მარიუს პანდელეამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა ესწრებოდა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ მარიუს სტუმრობისთვის, მინისტრის აპარატის საქმიანობით დაინტერესებისა და სამომავლო თანამშრომლობის მზაობისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ  ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, სწორედ იმ მიმართულებით, რომელიც დევნილი ახალგაზრდების განვითარებისა და წინსვლის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის. ამ მიზნის განსახორციელებლად კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ამ საკითხებზე“-განაცხადა მინისტრმა ნანა გაბელიამ.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილედ მარინე გითოლენდია დაინიშნა

მარინე გითოლენდიას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი  გამოცდილება აქვს.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე მარინე გითოლენდია იკავებდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატში. სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან პოზიციებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ინფორმაციის სამინისტროში.

მარინე გითოლენდია პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია, 2001 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მშობლიური ენის გარდა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროექტი „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი“ გულისხმობს აფხაზეთიდან დევნილი და არადევნილი, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების საზაფხულო ბანაკში განთავსებას.

მონაწილეებისთვის დაგეგმილია შემეცნებითი ტრენინგები, სახალისო, სპორტული და გუნდური აქტივობები.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთიდან დევნილ  და არადევნილ, სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს 12 წლიდან 14 წლის ჩათვლით.

35 ახალგაზრდა შეირჩევა კონკურსის წესით.

პროექტი განხორციელდება ბაკურიანში 15 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 5 ივნისი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ქვემოთ მითითებულ ბმულზე.

https://forms.gle/cDPLtghoedJZGxk9A

გისურვებთ წარმატებებს!

მინისტრის აპარატი, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის სტრუქტურების თანამშრომლებისთვის ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლების  ერთთვიან პროექტს განახორციელებს

ცნობიერების ამაღლების კამპაანიის ფარგლებში,  საჯარო მოხელეებისთვის,  იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი ახორციელებს პროგრამას „ევროკავშირის ინსტიტუციონალური მოწყობა, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და ევროკავშირის ინსტიტუტების როლი ამ პროცესში.“

პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება.

„ერთთვიანი სალექციო კურსის  განმავლობაში, მონაწილეები მიიღებენ ევროკავშირის შესახებ  სტრუქტურიზებულ, პრაქტიკულ მიდგომებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, რაც მათ პროფესიულ საქმიანობას  უფრო ეფექტურს გახდის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხარდაჭერის კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო “- აღნიშნა ნანა გაბელიამ.

აღნიშნულ პროგრამას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონულ წარმომადგენლობასთან ერთად ახორციელებს.

პროექტის ბოლოს მონაწილეებს  სერტიფიკატები გადაეცემათ.

 

 

ნანა გაბელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ სტუდენტებთან შეხვედრისას დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელების საკითხებზე ისაუბრა.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელება კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მოვლენების ობიექტური გაშუქება კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებმა აქტიურად უნდა იმოქმედონ ჰიბრიდული ომის ყველა მიმართულებით. მინისტრის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობაა და არსებულ რეალობაში დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ სწორედ ახალგაზრდების ჩართულობას ვეყრდნობით. მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ ამ საკითხებზე”-განაცხადა მინისტრმა.

სტუდენტებს ნანა გაბელიამ აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა გააცნო და მინისტრის აპარატის გეგმებზე ისაუბრა. მან სტუდენტების მიერ  დასმულ შეკითხვებს უპასუხა, ასევე საინტერესო იდეებისა და პროექტების მხარდასაჭერად მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ახალგაზრდების, სამოქალაქო და საჯარო სექტორის მონაწილეობით კონფერენცია - „ჰიბრიდული ომი და ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში“ ჩატარდა

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, მინისტრმა ნანა გაბელიამ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, საბა ფიფიამ.

ნანა გაბელიამ შეხვედრის მონაწილეებს  ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელება. დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მოვლენების ობიექტური გაშუქება უპირველესია კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესში. ახალგაზრდები სწორედ ის ძალაა, რომელმაც აქტიურად უნდა იმოქმედოს ჰიბრიდული ომის ყველა მიმართულებით. მინისტრის აპარატი მომავალშიც აქტიურად იმუშავებს ამ საკითხებზე“- აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, მინისტრის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალგაზრდების ხელშეწყობაა. ,,არსებულ რეალობაში, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაში,  ჩვენ სწორედ ახალგაზრდობას და მათ პროცესებში ჩართულობას ვეყრდნობით. ასევე, აქტიურად უნდა გავაძლიეროთ  დიასპორების როლი სამშვიდობო პროცესებში“.

პანელურ დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მინისტრის „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრები და მოწვეული სტუმრები.

ნანა გაბელია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მხარეები ინიციატივებისა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტების, სასწავლო-საგანმანათლებლო, სამეცნიერო ღონისძიებებისა და კვლევების  განხორციელებაზე.

სტუდენტებთან შეხვედრისას მინისტრმა ისაუბრა ახალგაზრდების ჩართულობისა და აქტიურობის მნიშვნელობაზე, უპასუხა დასმულ შეკითხვებს და საინტერესო იდეებისა და პროექტების მხარდასაჭერად მზაობა  გამოთქვა.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა,  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

14-15 აპრილს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, აფხაზეთის მთავრობის წევრებისა და ახალგაზრდების სამუშაო შეხვედრა მოეწყო

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და მინისტრმა ნანა გაბელიამ მიმართეს.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. მათი მიზანია დევნილი ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამებში.

„ძალიან საყურადღებოა დევნილი საზოგადოების ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება აფხაზეთის მთავრობის საქმიანობას. განსაკუთრებით, ეს ჩვენს ახალგაზრდებს ეხება, რადგან თუ ვსაუბრობთ სამომავლო წარმატებულ საქმიანობაზე, ახალგაზრდების მოსმენა საინტერესო და აუცილებელია“-განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მინისტრმა ნანა გაბელიამ შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება.  ,,ამ მიმართულებით, ჩვენ განვახორციელეთ არაერთი პროექტი,  მათ შორის „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული ფორუმი“, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ და მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ ამ კუთხით მუშაობას.  ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ პროექტში და ზოგადად, მუშაობენ აფხაზეთის თემატიკაზე“-აღნიშნა ნანა გაბელიამ.

შეხვედრაში მონაწილე ახალგაზრდებს აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და წარმომადგენლებმა მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების საქმიანობა გააცნეს, აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში და ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრის აპარატის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, ისაუბრეს სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდული ჩართულობის გაძლიერების, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე, ოკუპირებულ აფხაზეთში გადაადგილებისა და განათლების უფლების ხელმისაწვდომობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების ინსტრუმენტების გააქტიურების შესახებ.

ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა

დღეს, ნანა გაბელია და გიორგი გაბედავა მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ რეზი ბერულავამ  საბჭოს საქმიანობის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა.

სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, მათ შორის უახლოეს პერიოდში  რუსთავის სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრში დევნილი ახალგაზრდებისთვის დაგეგმილ ტრენინგებსა და აქტივობებზე.

ნანა გაბელია პროექტის „ინტეგრაცია მომავლისთვის“ მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

მინისტრმა ახალგაზრდებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„გამყოფი  ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდების გაცნობა და დაახლოება  მნიშვნელოვანია. ტრენინგის ფარგლებში შეძენილი უნარ-ჩვევები  გაააქტიურებს და ხელს შეუწყობს მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას, სოციალიზაციასა და სამოქალაქო ინტეგრაციას“-აღნიშნა ნანა გაბელიამ.

ოკუპირებული გალის რაიონიდან ოთხი აბიტურიენტი, მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ორგანიზებულ, თბილისში მიმდინარე  ორდღიან ტრენინგს ესწრებოდა. 

კურსის ფარგლებში, ახალგაზრდები ფასილიტატორების დახმარებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესებს აქტიურად განიხილავდნენ.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატმა ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრა გამართა

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა, ნანა გაბელიამ გახსნა.

შეხვედრაზე მინისტრის აპარატის საქმიანობისა და  მრჩეველთა საბჭოს პროექტის  შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

სამუშაო ფოკუს ჯგუფების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების, მომზადებული რეკომენდაციებისა და ინიციატივების განხილვაც მოეწყო.

„მრჩეველთა საბჭოს წევრები ღია კონკურსის წესით შევარჩიეთ. საბჭო იქნება წარმომადგენლობითი, საკონსულტაციო ორგანო და ახალგაზრდული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მინისტრის აპარატს რეკომენდაციებს წარუდგენს. ერთი წლის განმავლობაში 11 ახალგაზრდისგან დაკომპლექტებული გუნდი ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას უზრუნველყოფს. გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან.  პროექტის ყველაზე აქტიური ორი წარმომადგენელი საქართველოს ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას“-განაცხადა მინისტრმა.

პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ხორციელდება.

ნანა გაბელია ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს
მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, კონფლიქტების დარეგულირების, ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ასევე, ამ მიმართულებით არსებული გამოცდილების გათვალისწინებით ერთობლივი პროექტები დაგეგმეს.
 
შეხვედრას „კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრი“-ს, „UN Women Georgia- ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“-ს პროგრამის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის, ფონდი ,,თბილისის მოზარდთა სახლი“-ს, ა(ა)იპ ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება ,,ერთობა ხვალისთვის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნანა გაბელია ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
დღეს, მინისტრი მოადგილეებთან, გიორგი გაბედავასთან და ბელა კოპალიანთან ერთად კონფლიქტების დარეგულირების, ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრის მონაწილეებმა, აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გამოწვევებისა და პერსპექტივების გათვალისწინებით, სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.
 
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების: „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“, „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“, „თანხმობის“ და ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის - ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ქალთა გაძლიერების პროგრამა
ქალთა პროფესიული გადამზადების პროექტის ფარგლებში ინგლისური ენისა და ბუღალტერიის შემსწავლელი უფასო სამუშაო ჯგუფები შეიქმნა.
 
პროექტის მონაწილეები ცოდნის შესაბამისი დონის გათვალისწინებით გადანაწილდნენ.
 
პროგრამაში 20-დან 69 წლამდე 82 ბენეფიციარია ჩართული.
 
პირველი თებერვლიდან პროგრამა წარმატებით მუშაობს და, საქართველოს მასშტაბით მონაწილეების დასაქმების, საკუთარი საქმიანობის დაწყებისა და მართვის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
 
პროექტს მინისტრის აპარატი ფონდ „თბილისის მოზარდთა სახლთან“ ერთად ახორციელებს.