აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ნანა გაბელიამ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მინისტრის აპარატის საქმიანობა გააცნო

ნანა გაბელიამ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს სესიაზე მინისტრის აპარატის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ინტერპელაციის წესის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს დეტალურად უპასუხა.

მინისტრმა ასევე მიმოიხილა უწყების საქმიანობა, ისაუბრა დღეს არსებულ გამოწვევებსა და სამინისტროს სამომავლო სტრატეგიაზე. ასევე, მინისტრის აპარატის მიერ უკვე განხორციელებულ პროექტებზე, მათ შედეგებსა და მიმდინარე პროგრამებზე.

„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში მინისტრის აპარატის კომპეტენციებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების გათვალისწინებით, აქტიურად ვმუშაობთ, რათა შევძლოთ მაქსიმალურის გაკეთება უწყების ეფექტიანი საქმიანობისთვის. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეკითხვის ფარგლებში, ასევე მივაწოდე ინფორმაცია იმ კრიტერიუმებზე, რომლითაც ვხელმძღვანელობთ მინისტრის აპარატში კადრების შერჩევისას“ - განაცხადა ნანა გაბელიამ.

სოფელ ფოცხოეწერში „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე” გაიხსნა
ცენტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნეს.
 
ღონისძიებას სამეგრელო-ზემოსვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა და წალენჯიხის მერის მოადგილე ცოტნე შონია ესწრებოდნენ.
 
პროექტის ფარგლებში შეიქმნა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა სოციალური სივრცე, სადაც პედაგოგებისა და ტრენერების დახმარებით დევნილი მოზარდები სხვადასხვა სპორტულ-გასართობ და შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში შაბათ-კვირაობით ჩაერთვებიან.
 
,,ჩვენი მიზანია დევნილი ბავშვებისა და მოზარდების სოციალური ინტეგრაციის გაზრდა, მათთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენების და უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა ექნებათ" - განაცხადა ნანა გაბელიამ.
 
პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ქვეპროგრამის ,,სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა” ფარგლებში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით განხორციელდა.
 
„დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე” საპილოტე რეჟიმში ორი თვის განმავლობაში იფუნქციონირებს.
მინისტრმა ნანა გაბელიამ გერმანული ენის შემსწავლელი კურსის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.
კურსის ფარგლებში გერმანიიდან მოწვეულმა სპეციალისტმა მონაწილეებს ქვეყნის კულტურა გააცნო და არსებული სასწავლო პროგრამებისა და სტიპენდიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
 
,,ქართულ-აფხაზური საზოგადოების ჩართულობა, თუნდაც ერთი პროექტის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან საერთო მოტივაცია და მიზანი ხელს შეუწყობს ჩვენს დაახლოებას და ინტეგრაციას, საბოლოოდ კი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პოზიტიურ ცვლილებას"- განაცხადა ნანა გაბელიამ.
 
კურსის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცათ პროექტის პედაგოგსა და პარტნიორ ორგანიზაციებს.
 
ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა უძღვებოდა.
 
პროგრამა - ,,,გერმანული ენის უფასო ონლაინ კურსი", ქვეპროგრამის ,,სამშვიდობო რესურსი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა“ - ფარგლებში განხორციელდა და მასში 41-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
 
აღნიშნული პროგრამა მინისტრის აპარატმა, მიგრაციისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ/CIM) პარტნიორობით განახორციელა.
მინისტრი ნანა გაბელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.

მინისტრი უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს შეხვდა და მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესებს გაეცნო.

ნანა გაბელიამ სამოქალაქო ინტეგრაციისა და კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“, როგორც ეფექტურ და ნაყოფიერ შესაძლებლობაზე ისაუბა და უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნა.

შეხვედრაზე მინისტრი სტუდენტების წინაშეც წარსდგა და მათ მინისტრის აპარატის მიერ ამჟამად გამოცხადებული კონკურსი „სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“, გააცნო.

საუბარი ასევე სამომავლო სტაჟირებისა და სხვადასხვა პროექტებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას შეეხო, რამაც სტუდენტებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.

ვებინარი „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა“ ჩატარდა
აფხაზური ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით ვებინარი „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა“ ჩატარდა.
 
შეხვედრა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნა.
 
ონლაინ შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ლია გიგაური, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კონსტანტინე გამსახურდია, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე შალვა ტაბატაძე და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი თეიმურაზ გვანცელაძე მონაწილეობდნენ.
 
,,გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის აკრძალვამ და ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითმა რუსიფიკაციამ აქტუალური გახდა ქართული და აფხაზური ენების პრობლემა.
 
ვებინარის მიზანი იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიური ენის შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევებისა და სამართლებრივი საკითხების შესწავლა , საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ეფექტური გზების ძიება დარგის ექსპერტების, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების ჩართულობით"-განაცხადა ნანა გაბელიამ.
 
ვებინარს მოდერირებას უწევდა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა.
 
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობა საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
 
შეხვედრა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.
მინისტრის აპარატი აცხადებს კონკურსს - ,,სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის" მონაწილეობის მისაღებად
 
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აცხადებს კონკურსს - ,,სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის" მონაწილეობის მისაღებად.
 
„სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“ წარმოადგენს მინისტრის აპარატის მიერ ახლად დანერგილ სასწავლო ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებმა შეიძინონ ცოდნა სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხების შესახებ, გახდნენ აქტიური მოქალაქეები და განივითარონ ახალი უნარები, მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში, მოახდინონ თავიანთი თემის საჭიროებების, რესურსების იდენტიფიცირება და მიიტანონ ის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
 
პროექტის ფარგლებში 18-29 წლის აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ცოდნა სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხების შესახებ, ისწავლონ პროექტის წერა და პრაქტიკაში მათი განხორცილება მოსახლეობასთან კომუნიკაციის, პრობლემის იდენტიფიცირებისა და რესურსების მოძიების მიმართულებით.
 
პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპი დაეთმობა მონაწილე ახალგაზრდების მიერ დევნილთა ჩასახლებებში შეხვედრების ორგანიზებას, პრობლემებისა და რესურსების იდენტიფიცირების მიზნით, რის საფუძველზეც დაიწერება პროექტები, ხოლო მათგან ორი საუკეთესო იდეა განხორციელდება.
 
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გამოგზავნონ სააპლიკაციო ფორმა 2021 წლის 31 ოქტომბრამდე.
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება ონლაინ რეჟიმში.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე - რეგისტრაცია
ვებინარი თემაზე „ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა“
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აფხაზური ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, 14:00 საათზე ატარებს ვებინარს თემაზე „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა“.
 
ვებინარი მიზნად ისახავს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიური ენის შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევებისა და სამართლებრივი საკითხების შესწავლას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ხსენებულ საკითხებზე, მასზე რეაგირების არსებული მექანიზმების განხილვას და ახალი ეფექტური, შედეგის მომტანი გზების ძიებას დარგის ექსპერტების, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების ჩართულობით.
 
რეგისტრაციის ლინკი - რეგისტრაცია
ნანა გაბელია კონფერენციას ,,საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანაფორმააციისთვის შიდა დიალოგის გაძლიერება“ დაესწრო
28- 30 სექტემბერს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლის , ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინტიტუტისა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის პროექტის
- ,,საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანიტრანსფორმაციისთვის შიდა დიალოგის გაძლიერება“ - ფარგლებში მორიგი შეხვედრა ჩატარდა.
 
შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ესწრებოდა.
 
პროექტის ფარგლებში კონფლიქტების თემაზე მომუშავე პირებმა - საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან , სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად შერიგების პოლიტიკის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს.
 
აღნიშნული პროექტი შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტისა და სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის ხელშეწყობას.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველ მოადგილედ გიორგი გაბედავა დაინიშნა

გიორგი გაბედავას როგორც საერთშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე,  გიორგი გაბედავა იკავებდა საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის პოზიციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, მანამდე კი ამავე სააგენტოს შრომითი მიგრაციის დეპარტრამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

გიორგი გაბედავას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის კუთხით, კონფლიქტოლოგიის, მედიაციის, სახალხო დიპლომატიის, მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით.

2015 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით, იგი აქტიურად იყო ჩართული სამშვიდობო პროგრამებსა და ინიციატივებში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამასთანავე გიორგი გაბედავა აქტიურად მონაწილეობდა  აფხაზ ახალგაზრდებთან გამართულ სამშვიდობო დიალოგებში.

გიორგი გაბედავა პროფესიით იურისტი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.  მან 2014 წელს დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მოგვიანებით კი,  სიენას უნივერსიტეტის სამაგისტრო  საფეხური, გლობალური მმართველობისა და სახალხო დიპლომატიის მიმართულებით.

მშობლიური ენის გარდა, გიორგი გაბედავა ფლობს ინგლისურ, იტალიურ და რუსულ ენებს.

საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ვებინარი- ,,საკუთრების უფლება და დევნილთა დაბრუნების უფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე'' ჩატარდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ონლაინ პანელური დისკუსია ,,საკუთრების უფლება და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე'' გაიმართა.

ვებინარი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნა. ონლაინ შეხვედრაში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯფომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდნენ.

თემის მთავარმა მომხსენებელმა საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა და პროფესორმა ვაიოს კოუტრულისმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთრების და დაბრუნების უფლების ზოგად საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოზე ისაუბრა, ხოლო საერთაშორისო სამართლის მკვლევარმა მარიამ ბეჟანიშვილმა საკუთრების უფლების ჭრილში, უშუალოდ აფხაზეთში არსებული სიტუაცია მიმოიხილა.

საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ დისკუსია ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა.

დისკუსიას მოდერირებას ფულბრაითის უნივერსიტეტის მკვლევარი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საბა ფიფია უწევდა.

შეხვედრა სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.

მინისტრმა ნანა გაბელიამ ბავშვთა სარეაბილიტაციო ფონდს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ, ბერი ანდრიას სახელობის ფონდის პატრონაჟის ქვეშ მყოფი მშენებარე სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერა და მათ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა.

"გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ფონდის საქმიანობის ხელშეწყობაში. ეს არის კავკასიაში პირველი მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს უანგაროდ ეხმარებიან". - განაცხადა ნანა გაბელიამ.

ცენტრი რეგიონებიდან ჩამოსულ, სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს სრულ რეაბილიტაციას უსასყიდლოდ უწევს, რომელთა შორის აფხაზეთიდან დევნილი და ეთნიკურად აფხაზი ბავშვებიც არიან.

აღნიშნული ღინისძიება ,,მშვიდობის ლაბორატორიის“ პროგრამის ფარგლებში ბერი ანდრიას ფონდთან პარტნიორობით განხორციელდა.

ნანა გაბელია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელობის მემორიალის გახსნას დაესწრო
მინისტრი ნანა გაბელია თამარაშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელობის მემორიალის გახსნას დაესწრო.
 
ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
 
აღნიშნული მემორიალი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების ინიციატივით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ქ. თბილისის მერიის ორგანიზებით გაიხსნა.
 
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
მინისტრმა ნანა გაბელიამ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დევნილ ბავშვებს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა
დღეს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის დევნილთა მინისტრის მოადგილე მურად აბლოთიასთან ერთად უცნობ გმირთა ქუჩის №85-ში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს ესტუმრა, ბავშვებს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
 
სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში სასკოლო ნივთები საჩუქრად 6-დან 9 წლამდე, 300-მდე დევნილმა ბავშვმა მიიღო.
ნანა გაბელიამ 300-მდე დევნილ ბავშვს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა
ნანა გაბელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ინგირსა და ოქტომბერში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს ესტუმრა და ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
 
მინისტრმა მათ საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
 
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მინისტრი იმერეთსა და სამეგრელოში დევნილთა რამდენიმე კომპაქტურ ჩასახლებასაც სტუმრობდა. ნანა გაბელიამ სასკოლო ასაკის 6-დან 9-წლამდე მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა.
 
სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასწავლო ნივთები საჩუქრად 300-მდე ბავშვმა მიიღო.
ნანა გაბელია 300-მდე დევნილ ბავშვს საჩუქრად სასკოლო ნივთებს გადასცემს
დღეს,  იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია კოპიტნარში და სენაკში,  დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტს სტუმრობდა და   აღნიშნულ ობიექტებში მცხოვრებ ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. 
 
მინისტრმა მათ საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
 
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ნანა გაბელია ხვალ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ჩასახლების ობიექტსაც ესტუმრება და სასკოლო ასაკის 6-დან 9-წლამდე მოსწავლეებს საჩუქრებს ჩაუტანს. 
 
სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასწავლო ნივთებს საჩუქრად 300-მდე ბავშვი მიიღებს.