აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

შინაგანაწესი


იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის

ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის
შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი

 

 

დანართი 1

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  1. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის (შემდგომში - მინისტრის აპარატი) შინაგანაწესი (შემდგომში - შინაგანაწესი) შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ვრცელდება მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურეებზე (შემდგომში - მოსამსახურე).
  2. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა მინისტრის აპარატის მოსამსახურეთათვის და მათი დარღვევა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.
  3. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) მოსამსახურე - პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;
    ბ) უფლებამოსილი პირი -  უშუალო უფროსი, უშუალო უფროსის არყოფნის შემთხვევაში - უშუალო უფროსის მოდგილე  (მისი არსებობის შემთხვევაში), ან ზემდგომ თანამდებობის პირი;
    გ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული - ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვისა და ინსპექტირების სამმართველო;
    დ) საპატიო მიზეზი - ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მოსამსახურისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის მის სამუშაო ადგილზე გამოცხადებას;
    ე) უქმე დღე - საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრული უქმე დღე;
    ვ) მინისტრის აპარატის მიერ დადგენილი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტა - მოსამსახურის სახელი (ლათინური ასოებით). (წერტილი) გვარი(ლათინური ასოებით)  @............gov.ge;
    ზ) ინფორმაციის წერილობითი ფორმით მიწოდება - ინფორმაციის მიწოდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eDocument)–ის ან/და მინისტრის აპარატის მიერ დადგენილი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

მუხლი 2. შინაგანაწესის მიზნებია:

ა) სამუშაო დროის დასაწყისისა და დასასრულის განსაზღვრა;
ბ) სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დროის განსაზღვრა;
გ) დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დღეს, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობებისა და წესის განსაზღვრა;
დ) სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული განკარგულების მოსამსახურეებისთვის გაცნობის წესის განსაზღვრა;
ე) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციების განსაზღვრა;
ვ) მოსამსახურის მიერ სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესის განსაზღვრა;
ზ) სამსახურებრივი მივლინებისა და შვებულების გაფორმების წესის განსაზღვრა;
თ) მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესის განსაზღვრა;
ი) მინისტრის აპარატსა და მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხების განსაზღვრა.

მუხლი 3. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული.

1. მოსამსახურისათვის დადგენილია 5-დღიანი სამუშაო კვირა
2. სამუშაო დღე იწყება 09.00 საათიდან და სრულდება 18.00 საათზე, გარდა ამავე მუხლში გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
3. მოსამსახურის სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების დრო ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალების გამოყენებით, მოსამსახურისათვის გადაცემული ელექტრონული ბარათის მეშვეობით.
4. სპეციალური ტექნიკური საშუალებით დაფიქსირებული მონაცემები მოსამსახურეთა მიერ სამსახურში შემოსვლისა და სამსახურიდან გასვლის დროის შესახებ ინფორმაცია მინისტრის აპარატის IT-სპეციალისტის მიერ შეიტანება მოსამსახურეთა სამსახურში დასწრების ფორმაში (დანართი N2), აღნიშნული ინფორმაცია მინისტრის აპარატის IT-სპეციალისტის ხელმოწერით დადასტურების შემდგომ, მომდევნო სამუშაო დღეს გადაეცემა დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულს, რომელიც აწარმოებს მინისტრის აპარატის მოსამსახურეთა დასწრების ფორმას.
5. მოსამსახურე, რომელიც ვერ აფიქსირებს სამსახურში გამოცხადებას ან სამსახურიდან გასვლას, ელექტრონული მოწმობის დაზიანების/დაკარგვის/ან სხვა მიზეზის გამო, ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, იმავე სამუშაო დღეს აცნობოს უშუალო უფროსსა და დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულს.
6. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაქმებულზე გაიცემა დროებითი საშვი-ბარათი, არაუმეტეს 2 კვირის ვადით.
7. მინისტრის აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში შემოსვლისა და გასვლის დროს დაუშვებელია მოსამსახურის მიერ სხვისი ელექტრონული ბარათის ან სპეციალური საშვის გამოყენება ან რამდენიმე მოსამსახურის მიერ ერთი ელექტრონული ბარათით ან სპეციალური საშვით სარგებლობა.
8. ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში მინისტრს შეუძლია შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსამსახურისთვის/მოსამსახურეთათვის დააწესოს შეღავათი სამუშაო დროსთან დაკავშირებით.

მუხლი 4. სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო

1. სამუშაო დროის განმავლობაში მოსამსახურისათვის განსაზღვრულია 1 (ერთი) საათიანი შესვენების დრო მცოცავი განრიგით. მცოცავი განრიგის დასაწყისი - არაუადრეს 13:00 საათისა, დასასრული - არაუგვიანეს 16:00 საათისა, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თუ მოსამსახურე ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესვენების პერიოდში დაკავებულია გადაუდებელი სამსახურებრივი საქმიანობით, მას უფლება აქვს გამოიყენოს კუთვნილი შესვენება დღის სხვა მონაკვეთში უშუალო უფროსთან შეთანხმებით, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე სამუშაო დღის 16:00 საათისა
3. მოსამსახურეს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ ერთი საათისა. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.

მუხლი 5. დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დღეს, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი

1. მინისტრის აპარატში დასვენების დღეებია - შაბათი და კვირა, ასევე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრული უქმე დღეები.
2. ყველა მოსამსახურე ვალდებულია დატოვოს მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული შენობა სამუშაო დროის დასრულებისთანავე.
3. მოსამსახურისათვის მინისტრის აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში ყოფნა დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ შესაძლებელია სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით.

მუხლი 6. შეთავსებითი საქმიანობა

1. მოსამსახურეს უფლება აქვს პარალელურად ეწეოდეს შემოქმედებით, სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას.
2. მოსამსახურე, რომელიც მინისტრის აპარატში დადგენილი სამუშაო საათების განმავლობაში, ძირითად საქმიანობასთან ერთად, შეთავსებით ეწევა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საქმიანობას, ვალდებულია წარმოადგინოს შეთავსებითი სამუშაოს დროის განრიგი. აღნიშნული განრიგისა და მოსამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მინისტრის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს განსხვავებული სამუშაო განრიგი.

მუხლი 7. სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული განკარგულების მოსამსახურეებისთვის გაცნობის წესი

1. სამსახურებრივ საკითხებზე მოსამსახურეებზე განკარგულებები შესაძლებელია გაიცეს:
ა) ზეპირად;
ბ) წერილობით (ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eDocument) ან /და მინისტრის აპარატის მიერ დადგენილი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
გ) საოქმო გადაწყვეტილებით;
დ) სამუშაო მასალებზე ელექტრონულად დადებული რეზოლუციით;
ე) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. განკარგულების ადრესატი ვალდებულია:
ა) შეუდგეს დავალების შესრულებას განკარგულების გაცემის ან/და განკარგულების გამცემის მიერ განსაზღვრული მომენტიდან;
ბ) დავალების შესრულება უზრუნველყოს არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა. დავალების სირთულისა და მოცულობის გათვალისწინებით დავალების შესრულების ვადა შეიძლება გაიზარდოს დავალების გამცემ პირთან შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვადისა.
3. ამ მუხლის შესაბამისად გაცემული განკარგულებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოსამსახურისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

მუხლი 8. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები

1. მინისტრის აპარატი და მოსამსახურე ვალდებულნი არიან დაიცვან შრომის დაცვის წესები და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით
2. სამუშაოს დასრულების შემდგომ მოსამსახურე ვალდებულია ელექტროქსელიდან გამორთოს კომპიუტერული და სხვა სახის ელექტრომოწყობილობები, მათ შორის, განათების საშუალებები.
3. მოსამსახურე ვალდებულია:
   ა) შეასრულოს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები;
   ბ) ხანძრის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სახანძრო- სამაშველო სამსახურს;
   გ) სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინციდენტის ადგილზე მისვლამდე შეძლებისდაგვარად მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანებისა და ქონების გადასარჩენად და ხანძრის ჩასაქრობად;
   დ) შეასრულოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიწერილობა, დადგენილება და სხვა კანონიერი მოთხოვნები.

მუხლი 9. მოსამსახურის მიერ სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი

1. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების თაობაზე მოსამსახურემ სატელეფონო შეტყობინების საშუალებით უნდა აცნობოს უფლებამოსილ პირს. შესაბამისად, უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიაწოდოს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულს.
2. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში (არაუმეტეს 2 დღის ხანგრძლივობით), მოსამსახურე ვალდებულია შეავსოს სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა (დანართი N3) და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eDocument) საშუალებით გაუგზავნოს უფლებამოსილ პირს. მოსამსახურე ვალდებულია დაასრულოს შესასრულებელი სამუშაო და უზრუნველყოს მასთან არსებული სამსახურებრივი ხასიათის დოკუმენტაციის გადაცემა უფლებამოსილი პირისათვის შესაბამისი ელექტრონული ვერსიების შენახვის ადგილის მითითებით.
3. მოსამსახურეს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში გამოუცხადებლობა ჩაეთვლება საპატიოდ იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირის მხრიდან სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმაზე (დანართი N3) დაედება რეზოლუცია „თანახმა ვარ“. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამსახურის სამსახურში არყოფნისას, მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე ვალდებულებას იღებს მოხელის გათავისუფლებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ვალდებულია დაქვემდებარებული მოსამსახურის განცხადება შესაბამისი რეზოლუციით დაუყოვნებლივ მიაწოდოს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულს.
4. უფლებამოსილი პირი მოხელის სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმაზე (დანართი N3) რეზოლუციის დადებისას ითვალისწინებს მოხელის მიერ გაცდენილი დღეების შესახებ დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულიდან გამოთხოვილ ინფორმაციას.
5. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ განცხადების (თხოვნის) დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოსამსახურე ვალდებულია ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს შრომითი საქმიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამსახურის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნულზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულს.
6. სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოსამსახურე ვალდებულია უფლებამოსილ პირს შეატყობინოს გამოუცხადებლობის არყოფნის მიზეზი, მოსამსახურის მიერ დაუყოვნებლივ შესასრულებელი დავალებები (გადაუდებელი სამუშაო, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს მისი არყოფნის პერიოდში). უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოსამსახურის სამსახურში არყოფნის მიზეზის შესახებ ინფორმაცია წერილობით დაუყოვნებლივ მიაწოდოს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულს. სამსახურში გამოცხადების შემდეგ მოსამსახურე ვალდებულია უფლებამოსილ პირს დამატებით წარუდგინოს მოხსენებითი ბარათი სამსახურში გამოუცხადებლობის თაობაზე, რომელიც უფლებამოსილი პირის მიერ განსახილველად გადაეგზავნება დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულს.
7. სამუშაო დროის განმავლობაში (შესვენების დროის გარდა) სამუშაო ადგილის დატოვების თაობაზე მოსამსახურემ უნდა შეავსოს მოხელის სამსახურიდან დროებით გათავისუფლების ფორმა (დანართი N3) და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eDocument) საშუალებით გაუგზავნოს უფლებამოსილ პირს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტს შესაბამისი რეზოლუციით ინფორმაციისთვის აწვდის დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულს. მოსამსახურე ვალდებულია განცხადების (თხოვნის) დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს შრომითი საქმიანობა.
8. მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ საქმეზე თავისი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფება მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული შენობის გარეთ, ითვლება სამსახურში მყოფად.
9. მოსამსახურეს საპატიო მიზეზით სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება არ ჩაეთვლება შინაგანაწესის დარღვევად, თუ აღნიშნული ქმედება არ აღემატება თვეში ხუთ შემთხვევას. ამასთან, მოსამსახურეს უფლება აქვს, შვებულებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, საპატიო მიზეზით წლის განმავლობაში გამოიყენოს დამატებით 10 კალენდარული დღე, მაგრამ არა უმეტეს თვეში 2 კალენდარული დღისა. აღნიშნულ პერიოდში სამსახურში გამოუცხადებლობა მოსამსახურეს ჩაეთვლება საპატიოდ. სხვა შემთხვევა მოსამსახურეს ჩაეთვლება მინისტრის აპარატის შინაგანაწესის დარღვევად.
10. მოსამსახურისათვის დამატებითი შეღავათების დაწესების შემთხვევაში, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული აწარმოებს მოსამსახურეთა სპეციალურ რეესტრს, რომელიც ინფორმაციისათვის ეგზავნება მინისტრის აპარატის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსს, რომელიც თავის მხრივ, არსებულ იფორმაციას შემდომი რეაგირების მიზნით წარუდგენს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს (შემდგომში - მინისტრი).
11. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მოსამსახურეთა სამსახურში ყოფნის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად დამატებით მოიპოვოს მინისტრის აპარატში დამონტაჟებული ელექტრონული გასაღების სისტემის მონაცემები, ასევე გამოითხოვოს ინფორმაცია დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისაგან.
12. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შესაბამისად, მინისტრის აპარატის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსისათვის ყოველთვიურად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაფიქსირებული დარღვევების შემთხვევაში, მინისტრის მითითებით დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული უზრუნველყოფს დისციპლინური წარმოების განხორციელებას.

მუხლი 10. სამსახურებრივი მივლინებისა და შვებულების გაფორმების წესი

1. მოსამსახურე შესაძლებელია მინისტრის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გაგზავნილ იქნეს სამსახურებრივი მივლინებით, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე მისი ფარგლების გარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და შვებულების სარგებლობის წესი განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
3. განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ წარდგენილ უნდა იქნეს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე მაინც. აღნიშნული ვადის შემცირება დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოსამსახურის მიერ დასაბუთებული განცხადებით.
4. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა შეთანხმდეს უშუალო უფროსთან. უშუალო უფროსი უფლებამოსილია უარი თქვას თანხმობის გაცემაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობა.
5. მოსამსახურის სამსახურებრივი მივლინება და შვებულება ფორმდება მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. მივლინების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების საფუძველზე მინისტრის აპარატის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვისა და ინსპექტირების სამმართველოს მიერ ივსება სამივლინებო მოწმობა (დანართი N4).

მუხლი 11. მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი

მოსამსახურეთა შორის კომუნიკაცია ხორციელდება როგორც ზეპირსიტყვიერად, აგრეთვე ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა (eDocument) და მინისტრის აპარატის მიერ დადგენილი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

მუხლი 12. მინისტრის აპარატსა და მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები

1.მოსამსახურე ანგარიშვალდებულია თავისი უშუალო უფროსის წინაშე, თუ მინისტრის აპარატის დებულებით, მოსამსახურის სამუშაო აღწერილობით ან/და შინაგანაწესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მოსამსახურე ვალდებულია:
   ა) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები და ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;
     ბ) შეასრულოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული განკარგულება;
  გ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eDocument) მეშვეობით, უზრუნველყოს განკარგულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ასახვა და ვიზირება თავისი სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/პირების მიერ;
    დ) სამსახურებრივი მიმოწერისას ისარგებლოს მინისტრის აპარატის მიერ დადგენილი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
    ე) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს მინისტრის აპარატის მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის რეპუტაციას;
    ვ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობის დადგენილი წესი.
3. მოსამსახურეს ეკრძალება:
    ა) თამბაქოს მოწევა მინისტრის აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში;
    ბ) სამსახურში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება ან აღნიშნული საშუალების სამსახურში მიღება.
4. მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლებამდე 5 სამუშაო დღით ადრე მინისტრს წარუდგინოს შემოვლის ფურცელი (დანართი N5) მინისტრის აპარატის ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების თაობაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ, მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება.
5. მოსამსახურის წახალისებისა და დისციპლინური წარმოების წესები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 13. მინისტრის აპარატში მოქალაქეთა მიღების წესი

1.მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოქალაქეთა მიღება ხორციელდება წინასწარ შეთანხმებით საშვის (დანართი N6) დაშვების შემდეგ. საშვში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია მოქალაქის, მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულისა და მიმღები მოსამსახურის შესახებ, აგრეთვე მოქალაქის შემოსვლისა და გასვლის დრო.
2. საშვის დაშვების უფლებით სარგებლობენ მინისტრი, მინისტრის მოადგილე და მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
3. მოქალაქის მინისტრის აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში ყოფნის შესახებ პასუხისმგებლობა ეკისრება საშვის დამშვებს.
4. მინისტრის აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში საშვის გარეშე დაიშვებიან დანართი N7 გათვალისწინებული პირები.

მუხლი 14. დასკვნითი დებულებანი

1. შინაგანაწესი წარმოადგენს სამუშაოზე მიღების ბრძანების ან/და ადმინისტრაციული/შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და შესასრულებლად სავალდებულოა მოსამსახურისათვის. შინაგანაწესის დარღვევა ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
3. მინისტრის აპარატის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ადამიანური რესურსების მართვისა და ინსპექტირების სამმართველო ვალდებულია გააცნოს მოსამსახურეს წინამდებარე შინაგანაწესი, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით, და უზრუნველყოს ნებისმიერ დროს შინაგანაწესის გაცნობის შესაძლებლობა.
4. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე ინახება მოსამსახურის პირად საქმეში.