გიორგი ჯინჭარაძე - ახალგაზრდებმა აფხაზეთიდან უნდა შეასრულონ გადამწყვეტი როლი ქართველი და აფხაზი ხალხის დაახლოების პროცესში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად ბაკურიანის საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო და აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

„აფხაზეთის მთავრობა მუდმივად ზრუნავს დევნილი ახალგაზრდების განვითარებაზე და აქტიურად უჭერს მათ მხარს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში, რადგან სწორედ ახალგაზრდებმა აფხაზეთიდან უნდა შეასრულონ გადამწყვეტი როლი ქართველი და აფხაზი ხალხის დაახლოების პროცესში“, - განაცხადა ჯინჭარაძემ.

ღონისძიების ბოლოს გიორგი ჯინჭარაძე დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობით დადგმულ თეატრალურ წარმოდგენასაც დაესწრო.

რვადღიანი საბანაკე პროგრამა მოიცავდა მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და ტრენინგებს, რომლებიც მიზნად ისახავდა მოზარდებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებას.

საზაფხულო ბანაკი აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2022 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ხორციელდება. მასში ყოველწლიურად 9-დან 16 წლამდე 200-მდე მოსწავლეა ჩართული.