აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეს შეხვდა.
გიორგი ჯინჭარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დევნილების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მუდმივი ყურადღება და მხარდაჭერა, რასაც აჭარის მთავრობა დევნილი მოსახლეობის მიმართ იჩენს. შეხვედრაზე განვიხილეთ სამომავლო გეგმები და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობით კიდევ ბევრ ერთობლივ, პროექტს განვახორციელებთ, რომელიც ჩვენი დევნილი საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრაზე მხარეებმა უწყებებს შორის ურთიერთობის გაძლიერების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რომელიც აჭარაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის ინტერესებს მოემსახურება.
