ოპერისა და ბალეტის თეატრში ქრისტიანობის გავრცელების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

პროექტის „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700“ ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის თეატრში, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით, ჯუზეპე ვერდის ,,რეკვიემი“ შესრულდა.

კონცერტში სოლისტები იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, ოთარ ჯორჯიკია და რამაზ ჩიკვილაძე, ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის მოადგილეები, საქართველოს საპატრიარქოს, საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საიუბილეო საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა. პროექტის ,,საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო -1700“ ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში არაერთი კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.