საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ქალაქ სალონიკში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის აღდგენის საკთხებს. შეხვედრის ფარგლებში, არქიმანდრიტმა ღვთისავარ გობეჯიშვილმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით - „წმინდა ოთხთავი (მოქვის სახარების მინიატურებით)“ წარადგინა, რომელიც ისტორიული რედაქციის შევსებული ვარიანტია და მასში ყველა დეტალი და მინიატურა მაქსიმალურად არის დაცული.
„წმინდა ოთხთავი (მოქვის სახარების მინიატურებით)“ გამოიცა ფონდ „კანანელის“ ხელმძღვანელის, არქიმანდრიტ ღვთისავარ გობეჯიშვილის მიერ, აფხაზეთის მთავრობის, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - რამაზ ჯინჭარაძე, ლაშა სირაბიძე, მინდია დიასამიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი მამუკა კაკაბაძე, აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ლადო მგალობლიშვილი, წყალტუბოსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების მერები — გენადი ბალანჩივაძე, გიორგი ნაჭყებია და დელეგაციის სხვა წევრები






