მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა რენალდ დგებუაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც დეპუტატებთან ერთად ესწრებოდნენ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის მთავრობის, სამინისტროს და საზოგადოების წარმომადგენლები, რენალდ დგებუაძის ოჯახის წევრები, მეგობრები.

ღონისძიებას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. სიტყვით გამოვიდნენ რენალდ დგებუაძის მეგობრები, კოლეგები და თანამებრძოლები. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მომზადებული ვიდეო ფილმი რენალდ დგებუაძის შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში, რენალდ დგებუაძის მეუღლემ თამარ ვეფხვაძემ დაარიგა ოთარ აკიშბაიას მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დეპუტატზე დაწერილი წიგნები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს რენალდ დგებუაძეს 2025 წლის 13 ოქტომბერს 85 წელი შეუსრულდებოდა. ის 63 წლის ასაკში 2004 წლის 7 ნოემბერს გარდაიცვალა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) კოორდინატორს ზეინებ ბაირაქს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან (TIKA) მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობაზე. მონაწილეებმა განიხილეს მიმდინარე პროგრამები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ქარაია, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) კოორდინატორის მოადგილე მუჰამმედ ემრე ეზბერი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ზეინებ ბაირაქმა მხარდაჭერა გამოგვიცხადა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

საუბრისას ზეინებ ბაირაქს მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისა და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

 

 

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, როდოსის მიტროპოლიტს კირილე II-ს შეხვდა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკის განხორციელების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იგორ კოპალიანი ასევე შეხვდა ქალაქ როდოსის მერს ალექსანდრე კოლიადის. მხარეებმა პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრებში ასევე მონაწილეობდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია.

შეხვედრების დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

 

აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ, მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით, საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკი განახორციელა.

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები 7 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. მათთვის მოეწყო ექსკურსიები როდოსის ისტორიულ ადგილებში.

ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს გაესაუბრნენ, მათ სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით, უკვე მე-4 წელია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საბერძნეთში და ახლა უკვე თურქეთის რესპუბლიკაში საერთაშორისო ბანაკებს ახორციელებს, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ მრავალფეროვან შემეცნებით, გასართობ ღონისძიებებში და მოინახულონ ისტორიული ადგილები.

 

 

საქველმოქმედო სამედიცინო აქცია „ნურალიძე უნიქალმედი Nuralidze Unical Medi“-ში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 23-24 აგვისტოს კლინიკა „ნურალიძე უნიქალმედი Nuralidze Unical Medi”-ში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია მოეწყო.

სამედიცინო აქციის ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 80-მდე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანსა და მათი ოჯახის წევრებს „ნურალიძე უნიქალმედი Nuralidze Unical Medi”-ში სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია და მრავალპროფილური კვლევები ჩაუტარდათ.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია ვეტერანებს წინასწარ მიეწოდებათ.

 

 

 

 

ათონის მთაზე ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულთან გელა ჯაფარიძესთან ერთად, ივერონის მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ნათანაილს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ივერონის მონასტერში დაცულ სიწმინდეებზე, მართლმადიდებელობაზე და რწმენაში ერთიანობაზე ისაუბრეს.

„მადლობას ვუხდი არქიმანდრიტ ნათანაილს გულთბილი მასპინძლობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი და ბედნიერება იყო, მისი ინიციატივით ივერონის მონასტრის საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერის გაკეთება.

საქართველო ვითარდება, მაგრამ ყველაფერთან ერთად მთავარია სულიერი განმტკიცება და სიძლიერე. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სამშობლო ღმერთის რწმენით და სიყვარულით არის გადარჩენილი.

ჩვენ აფხაზეთში გვაქვს ჩვენი ახალი ათონი და იმედიანად ვარ განწყობილი, რომ უფლის წყალობით ძალიან მალე შევძლებთ გაერთიანებულ საქართველოში, ჩვენს ახალ ათონში წირვა-ლოცვას.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

ივერონის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ნათანაილმა ქართული დელეგაციის წევრები დალოცა, სიმტკიცე და სიძლიერე უსურვა.

 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ გახსნა. წიგნის შესახებ პოეტმა დათო მაღრაძემ ისაუბრა, რომელმაც პოემიდან რამდენიმე ნაწყვეტი წაიკითხა.

პოემის აფხაზურ ენაზე თარგმანი აფხაზური ენის სპეციალისტს ირმა ოსია-კინწურაშვილს და აფხაზ პოეტს ეკუთვნით.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ.

პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, პოემის აფხაზურენოვანი ვერსიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ ყველა პროექტში, რომელიც კულტურის საშუალებით ქართულ-აფხაზური ხიდების მშენებლობას უკავშირდება და მაქვს მოლოდინის იმისა, რომ ძალიან მალე ჩვენ ყველანი ერთად, სოხუმში დავესწრებით ბატონი დათოს წიგნის პრეზენტაციას.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან ერთად, მსოფლიო საპატრიარქოს იმვროსის და ტენედოს მიტროპოლიტ კირილეს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, უკვე არსებულ პარტნიორობასა და შემდგომი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე, მსოფლიო საპატრიარქოს იმვროსის და ტენედოს მიტროპოლიტი კირილე გამოვიდა თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივით არა მარტო საერთაშორისო ბანაკებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ჩართვის მიმართულებით, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სკოლებს და უნივერსიტეტებში მათი მსოფლიო საპატრიარქოს ფინანსური მხარდაჭერით სწავლების გაგრძელებაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ მსოფლიო საპატრიარქოს იმვროსის და ტენედოს მიტროპოლიტ კირილეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე და არქიმანდრიტი ღვთისავარ გობეჯიშვილი.

"მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით, უკვე რამდენიმე წელია, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საბერძნეთში და ახლა უკვე თურქეთის რესპუბლიკაში საერთაშორისო ბანაკებს ვახორციელებთ, სადაც ახალგაზრდები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებითი და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. მათთვის ასევე ტარდება ექსკურსიები ისტორიულ ადგილებში.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერა იმ კეთილ საქმეში, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ მათთვის საერთაშორისო ბანაკებში მონაწილეობა არის ერთ-ერთი დაუვიწყარი, დიდი სულიერი, ზნეობრივი და შემეცნებითი გამოცდილება“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ქარაია, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან და გლდანის გამგებლის მოადგილე მურთაზ ხარჩილავასთან ერთად, გლდანის რაიონში, მარატ ნოზაძის №16-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში (ყოფილი ცეკავშირის შენობაში) მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ საჭიროებებს.

აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციების და ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, გლდანის რაიონში, მარატ ნოზაძის №16-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან და გლდანის რაიონის გამგეობასთან ერთად განხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვდება აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას. შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, მათი საჭიროების შესაბამისი არაერთი სოციალური, ინფრასტრუქტურული, თუ სხვა ტიპის პროექტი უკვე განხორციელდა და ამ მიმართულებებით აქტიურად გრძელდება მუშაობა.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ, აფხაზეთიდან დევნილ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს, შალვა ლურსმანაშვილს დღეს მრავალფუნქციონალური სამედიცინო საწოლი გადასცეს.

შალვა ლურსმანაშვილი წარმოშობით სოხუმიდანაა, ამჟამად კი სოფელ ვერტყიჭალაში ცხოვრობს. მან 24 წლის წინ მძიმე ტრავმა მიიღო.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მხარდაჭერა და მოხარული ვარ, რომ მცირედი წვლილი შევიტანეთ ბატონი შალვას ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლის ხელშეწყობითაც შესაძლებელი გახდა აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქის დახმარება", - David Patsatsia / დავით ფაცაცია