იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ბათუმში, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრო.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ელგუჯა ბერიშვილმა.
საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში ქვეყნის ყველა რეგიონიდან დაახლოებით 1200 სპორტსმენი მონაწილეობს. ისინი სპორტის 17 სახეობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტული ფედერაციების სახელით შეჯიბრში 63 სპორტსმენი ჩაერთო, რომლებიც სპორტის 10 სახეობაში 14 მწვრთნელის ხელმძღვანელობით ასპარეზობენ.
გახსნის ცერემონია საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დროშა ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორებმა აღმართეს. ასევე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოლიმპიური კომიტეტის წევრები, მწვრთნელები, ახალგაზრდა სპორტსმენები, სხვადასხვა რეგიონის დელეგაციები და სხვა მოწვეული სტუმრები.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება.