აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანებს ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა მზადყოფნა, რომ აფხაზეთის მთავრობა მუდმივად იქნება ვეტერანების გვერდით და მათ საჭიროებებს მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდება.
გიორგი ჯინჭარაძემ მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა, ასევე დეტალურად გააცნო ის პროგრამები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ხორციელდება და მიმართულია როგორც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ისე ვეტერანების სოციალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ვეტერანებისთვის აუცილებელი პირობების გაუმჯობესებასა და მათი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებთან გიორგი ჯინჭარაძემ სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობისთვის დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი პოტენციალის სრულყოფილად რეალიზება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებისგან წამოსული ინიციატივები, იდეები და ხედვები მოისმინა.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი მონაწილეობდნენ.
აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში გაიმართა და მისი მიზანი ახალგაზრდების საჭიროებების მოსმენა, იდეების გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა იყო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე დაინიშნა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მთავრობის წევრების შემადგენლობას ნდობა დღეს გამართულ სხდომაზე გამოუცხადეს.
გიორგი ჯინჭარაძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
„პირველ რიგში, მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო გუნდს მხარდაჭერისა და ნდობის გამოცხადებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია, პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა. ასევე მადლობას ვუხდი უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მხარდაჭერისთვის.
ჩემთვის ძალიან კარგად და ზედმიწევნით ნაცნობია ჩვენი დევნილების პრობლემები. მე ამ სტრუქტურაში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება მაქვს მიღებული, შესაბამისად შევეცდები ძალ-ღონე, დრო და ენერგია არ დავზოგო იმისთვის, რომ ჩვენ დევნილებისთვის შევქმნათ უკეთესი პირობები და ის გამოწვევები რაც მათ წინაშე დღეს დგას, მაქსიმალურად გადავჭრათ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
გიორგი ჯინჭარაძე წლების განმავლობაში საჯარო და კერძო სექტორში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2021-2024 წლებში იკავებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ხოლო შემდეგ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობებს. მთავრობისა თავმჯდომარედ დანიშვნამდე იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან მგალობლიშვილი შეცვალა, რომელმაც აღნიშნული პოზიცია 2025 წლის 2 ივნისს დატოვა.
გუნდთან და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა.
მინდა მადლობა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროების ყველა თანამშრომელს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მხარდაჭერისთვის, იმ ათასობით დევნილს, რომელსაც პირადად შევხვდი ამ მოკლე დროში, მაგრამ ჩვენ შევძელით მცირედი, თუმცა ნაყოფიერი პროექტების განხორციელება.
მადლობა მხარდაჭერისთვის, მე ვრჩები თქვენთან როგორც ენგურს გაღმა, ასევე გამოღმა მცხოვრებ დროებით დევნილი მოქალაქეების უფლებების სადარაჯოზე.
ლევან მგალობლიშვილი