დავით ფაცაცია აფხაზური ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზური ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია დაესწრო.

აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გახსნა.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის ლუკა ჯღარკავას წიგნის „აფხაზეთის სააზნაურო გვარების“ პრეზენტაცია გაიმართა. ასევე მოეწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმის „ტალღის ქიმზე“ ჩვენება, რომელიც აფხაზი ექიმის, საზოგადო მოღვაწისა და აფხაზეთში სანიჩბოსნო სპორტის დამაარსებლის, ნიკოლოზ ემუხვარის ცხოვრებასა და საქმიანობას ეძღვნება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კალიგრაფ ლეილა ბაღბაიას მიერ ქართულ და აფხაზურ ენებზე შესრულებული ნამუშევრები. ავტორმა უნივერსიტეტის რექტორს მისთვის სპეციალურად შექმნილი კალიგრაფიული ნამუშევარი გადასცა.

ღონისძიების ინიციატორმა, ნანა ქარდავამ, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად ბოდღო ემუხვარის წიგნი „აფხაზური პორტრეტებიდან“ გადასცა.

„აფხაზური ენა ჩვენი საერთო კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. მის დაცვასა და პოპულარიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენის გზაზე.

მადლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ირაკლი ნატროშვილს მუდმივი მხარდაჭერისთვის. უნივერსიტეტი ყოველთვის მზად არის, გვერდით დაუდგეს აფხაზეთთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინიციატივებსა და ჩვენს ახალგაზრდებს.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ღონისძიების ინიციატორს ნანა ქარდავასა და ყველა მონაწილეს აფხაზეთის სიყვარულისთვის, აფხაზური ენის დაცვისა და შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.