„სამედიცინო ცენტრ აფხაზეთსა“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს „სამედიცინო ცენტრ აფხაზეთის“ გენერალურმა დირექტორმა ნათია ფარცვანიამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობების გაფართოებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, კლინიკურ გარემოში გაიღრმაონ თეორიული ცოდნა, შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება და განივითარონ მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
მხარეები ერთობლივად განახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვადასხვა ღონისძიებას, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და კვალიფიციური კადრების მომზადებას.


