სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა, გამორჩეული ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის დაბადების 98-ე იუბილე სპექტაკლით „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ აღნიშნა.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მაია ჩართოლანის რეჟისორობით ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" წელს პირველად დაიდგა და მისი მთავარი ლაიტმოტივი დუმბაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი ცრემლნარევი იუმორი, სიკეთე, ჰუმანიზმი და ადამიანური ურთიერთობებია.
14 ივლისს სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართული წარმოდგენით გიორგი რატიანის სახელობის თეატრი მაყურებელს მომავალ სეზონამდე დაემშვიდობა და თეატრალური სეზონი დახურა.
