ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნანა გაბელია საქართველოს დიასპორების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა ემიგრანტებს, პირველ მოადგილესთან გიორგი გაბედავასთან ერთად, მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული, დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტები გააცნო.
„ჩვენი ქვეყნის ემიგრანტების მხარდაჭერა, ჰიბრიდული ომის პირობებში მათი ჩართულობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებელი და მნიშვნელოვანია. მინისტრის აპარატის პრიორიტეტია საქართველოს დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, დიასპორების, როგორც სამშვიდობო რესურსის გააქტიურების ხელშეწყობა“,-განაცხადა მინისტრმა ნანა გაბელიამ.
შეხვედრას ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოსთან საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ესწრებოდა.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ემიგრაციაში მოღვაწე დიდი ქართველი დიპლომატისა და ხელოვანის, გიორგი აფხაზის შემოქმედების ვირტუალური გამოფენა გაიმართა, ნაჩვენები იყო მისი ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებული ანიმაცია ქართული გახმოვანებით.