მთავრობის აპარატი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის, ბაკურიანში, პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდებისა და მათი მშობლების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ განხორციელდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა დაესწრნენ.
მთავრობის თავმჯდომარემ მოზარდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
პროექტი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 20 მოზარდი და მათი მშობლები მონაწილეობენ.
ახალგაზრდები ჩართული იყვნენ ხატვის, ძერწვისა და სხვადასხვა გუნდურ-შემოქმედებით აქტივობებში. მშობლებისთვის კი ჩატარდა თემატური ტრენინგები, რომლებიც შვილის განვითარების თავისებურებების უკეთ გაცნობიერებას, საჭიროებების სწორად დანახვასა და მხარდაჭერის პრაქტიკული უნარების გაძლიერებას ემსახურება.
პროექტი აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ ყოველწლიურად ხორციელდება და მისი მიზანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება, მათი სოციალიზაციის ხელშეწყობა, ასევე მშობლების გაძლიერება და შვილების განვითარების პროცესში მათი მხარდაჭერა.