აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ახალგაზრდა წარმატებულ სპორტსმენებს გიორგი შონიასა და ანასტასია ჩხარტიშვილს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მათ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული წარმატება მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე, აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ომარ პაპავა და სპორტსმენების მწვრთნელები ესწრებოდნენ.
სპორტსმენებმა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე წარმატებით იასპარეზეს და მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს. აფხაზეთიდან დევნილმა გიორგი შონიამ, რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 70 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წევრი ანასტასია ჩხარტიშვილი ლატვიის ღია ჩემპიონატზე ქალთა შორის, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
