
ახალი ამბები

აფხაზეთის მთავრობა აგრძელებს მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიკლინიკების მონიტორინგს, რათა აფხაზეთიდან დევნილმა ბენეფიციარებმა ხარისხიანი და სრულყოფილი ჯანდაცვის სერვისები მიიღონ.
მორიგი გასვლითი ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მანონა გეჯუასთან ერთად, წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ კლინიკის ხელმძღვანელობასა და მედპერსონალს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარე პოლიკლინიკაში არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო, სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებას საჭიროებს, ასევე აუცილებელია განახლდეს კლინიკის მოძველებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც დევნილ ბენეფიციარებს ხარისხიანი მომსახურებით უზრუნველყოფს და მათ ყველა სათანადო პირობას შეუქმნის.
„აფხაზეთის მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და პრიორიტეტი არის დევნილთა პოლიკლინიკების ინფრასტრუქტურული განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იყვნენ სრულფასოვანი ჯანდაცვის სერვისებით. ჩვენ ვაშენებთ ჯანდაცვის სისტემას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მათ ხარისხიან და ხელმისაწვდომ სერვისებზე წვდომას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრას სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ეწვია და 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო დევნილთა ყოფით საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებს. მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებით გამოიკვეთა დასაქმების ხელშეწყობის, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის, ასევე დასახლებაში არსებული საცხოვრებელი ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწესრიგების საკითხები.
გიორგი ჯინჭარაძის თქმით, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება აფხაზეთის მთავრობისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. ამიტომ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ხდება ძირითადი პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, რათა შემდეგ აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში, მასზე დროული და ეფექტიანი რეაგირება მოხდეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, ბოლო პერიოდში მდგომარეობა გაუმჯობესდა. სამომავლოდ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით დაგეგმილია კონკრეტული პროექტების განხორციელება, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება კოორდინირებულად განახორციელებენ.
შეხვედრას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მანონა გეჯუა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგსა და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.
ამ მიზნით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ ფილიალს ეწვია და დევნილთა პოლიკლინიკაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.
მთავრობის თავმჯდომარე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ერემეიშვილთან ერთად კლინიკის ხელმძღვანელობასა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. შეხვედრაზე დევნილებისთვის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები, ჯანდაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. ამისათვის, აფხაზეთის მთავრობა აგრძელებს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ადგილზე ვნახოთ რეალური სურათი და მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისა და მათზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობის ძალისხმევა მომავალშიც დევნილთა საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მანონა გეჯუა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია და სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია ესწრებოდნენ.
დევნილთა პოლიკლინიკებში შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მათი მიზანია, აფხაზეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარის რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, რომელშიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ სახელმწიფო რწმუნებულს რეგიონში მცხოვრებ დევნილებზე ზრუნვისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ იმერეთის რეგიონში მცხოვრები ჩვენი დევნილი მოსახლეობის პრობლემური საკითხები და საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები. ვეცდებით, თითოეულ შემთხვევაზე მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ, რათა დროულად გადავჭრათ აღნიშნული საკითხები.
ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობა და სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად გააგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას, რათა უფრო ეფექტიანად განხორციელდეს დევნილთა საჭიროებებსა და გამოწვევებზე რეაგირება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დაგეგმილ პროექტებს, რომელთა მიზანია ინტეგრაციის ხელშეწყობა, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა.
მხარეებმა დევნილთა მხარდაჭერის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართველი პოეტის დავით მაღრაძის პოემის „ჯაკომო პონტის“ აფხაზურ ენაზე გამოცემული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ გახსნა. წიგნის შესახებ პოეტმა დათო მაღრაძემ ისაუბრა, რომელმაც პოემიდან რამდენიმე ნაწყვეტი წაიკითხა.
პოემის აფხაზურ ენაზე თარგმანი აფხაზური ენის სპეციალისტს ირმა ოსია-კინწურაშვილს და აფხაზ პოეტს ეკუთვნით.
ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ.
პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, პოემის აფხაზურენოვანი ვერსიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობა შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარე მოსახლეობას გაესაუბრა, ჩასახლებაში არსებული პირველადი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერას დაჰპირდა.
„ზუგდიდში შევხვდით ჩვენ დევნილებს, სადაც მოვისმინეთ მათი პრობლემები, საჭიროებები და არსებული გამოწვევები. აფხაზეთის მთავრობა მოახდენს აღნიშნული სიტუაციის შესწავლას და საკითხებზე შესაბამის და დროულ რეაგირებას განახორციელებს.
სამომავლოდ ვეცდებით თითოეულ კომპაქტურ ჩასახლებაში მივიდეთ და შევხვდეთ ჩვენ დევნილებს, მოვისმინოთ მათი საჭიროებები და ვეცადოთ ყველა ძირითადი პრობლემის გადაჭრას, რადგან დევნილებზე ზრუნვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენთვის“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური მიმართულებით არსებულ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლითაც აფხაზეთიდან დევნილ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სარგებლობა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ ვითარებას გაეცნო და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, დევნილი ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომ სერვისებს გაეცნო და მედიკოსებს აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი გიორგი ჟღენტი წარუდგინა, რომელმაც ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ხედვებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ სამედიცინო დაწესებულების პერსონალს მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, საქართველოს პარლამენტის წევრები დავით კოდუა და გენრიეტა წიწავა, ასევე სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ხონში აფხაზეთიდან დევნილ მცირე მეწარმეებს შეხვდა და აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით გახსნილი სილამაზის სალონი და სამკერვალო სახლი და ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა.
მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან და ხონის მუნიციპალიტეტის მერ ლადო ჯურხაძესთან ერთად, არსებულ გამოწვევებს პირადად გაეცნო და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობაზე ისაუბრა.
აფხაზეთის მთავრობა აქტიურად განაგრძობს დევნილთა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ მეწარმეებს ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ხონის მუნიციპალიტეტის დევნილთა ბიზნესინიციატივების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში გადაეცათ, რომელიც დევნილთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას და მათთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ თამაზ ხუბუასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ თავმჯდომარეს დევნილობაში, გენერალ-მაიორ თამაზ ნადარეიშვილს დღეს 71 წელი შეუსრულდებოდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ხონში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სათემო განათლების ცენტრი დაათვალიერა და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
გიორგი ჯინჭარაძე მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და შესაძლებლობის ფარგლებში ძირითადი საკითხების მოგვარებას დაჰპირდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დევნილებმა ყველა აქტუალურ კითხვაზე პასუხი პირადად მთავრობის თავმჯდომარისგან და მინისტრებისგან მიიღეს.
შეხვედრაში ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ბაჩანა ბასილაია მონაწილეობდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.
