საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ალბომის „აფხაზ-ქართველთა ფოტომატიანე“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
პრეზენტაციაზე მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სადაც შერიგების პროცესში მსგავსი კულტურული პროექტებისა და ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია ესწრებოდნენ.
ალბომი პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორმა დალი ჭედიამ შეადგინა და მასში შესულია ქართული და ქართულ-აფხაზური ოჯახების არქივებიდან შეკრებილი 200-ზე მეტი ფოტო, რომელიც XIX-XX საუკუნეების ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ მნიშვნელოვან ფოტოდოკუმენტურ კრებულს წარმოადგენს.
უნიკალურ ფოტოებს ახლავს ქართულ და ინგლისურ ენებზე შედგენილი ტექსტები, რომლებიც საინტერესო ბიოგრაფიულ ცნობებსა და ისტორიულ ფაქტებს შეიცავს.
ფოტოალბომი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
