გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის ნანა ხეცურიანის გამოფენას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის, ნანა ხეცურიანის პერსონალურ გამოფენას „კულტურული მემკვიდრეობის კვალდაკვალ“ დაესწრო.

გამოფენა ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები, საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ორნამენტები, ნაქარგები, მოზაიკა, ფერწერული ნამუშევრები და თექის ნამუშევრები. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ქართული დამწერლობის სამ სახეობას - ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს, რომელიც ხელით შესრულებულ ნაქარგებშია წარმოდგენილი.

მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ისტორიული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„აფხაზეთიდან დევნილი თითოეული ხელოვანის წარმატება ჩვენთვის ორმაგად ძვირფასი და საამაყოა. მათი შემოქმედება ჩვენი კულტურის, ისტორიისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ხელოვნებით ვაგრძელებთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც თაობებს აერთიანებს, გვინარჩუნებს კავშირს ჩვენს ფესვებთან და მსოფლიოს კიდევ ერთხელ აცნობს ქართულ კულტურას, მის მრავალფეროვნებასა და უნიკალურობას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა.