გიორგი ჯინჭარაძე კლინიკა „ოფთალმიჯის“ ხელმძღვანელს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე კლინიკა „ოფთალმიჯის“ ხელმძღვანელს, გიორგი ჯავრიშვილს შეხვდა. ჯავრიშვილის კლინიკაში გამართულ შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი ესწრებოდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯავრიშვილის კლინიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის ოფთალმოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ერთობლივი სამედიცინო პროექტებისა და აქციების განხორციელებას.

გიორგი ჯინჭარაძემ ხაზი გაუსვა კერძო სამედიცინო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დევნილი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

თავის მხრივ, გიორგი ჯავრიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, კლინიკის მრავალწლიანი გამოცდილება და რესურსები აქტიურად მოახმაროს დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს.

შეხვედრის ბოლოს მხარეები კონკრეტულ სამომავლო ნაბიჯებსა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ.