ვახტანგ ყოლბაია ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ინგრიდა ლავრენცე შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ ლატვიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.

ასევე მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და მდინარე ენგურზე არსებული ე.წ. გადასასვლელების დახურვით გართულებულ ვითარებაზე.

თავის მხრივ ინგრიდა ლავრენცემ, მადლობა გადაუხადა ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის მთავრობის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.

აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში მოსწავლეთა შორის დასრულდა

2018 წლის 30 ოქტომბერს ქ. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, ჩაატარა აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში მოსწავლეთა შორის. მთავარი მსაჯი იყო ლელა თანდაშვილი.


დაძაბული პაექრობის შემდეგ ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა :
გოგონებს შორის: ელენე შელია - პირველი ადგილი; ბელა ნაჭყებია - მეორე ადგილი; ელენე თოლორაია - მესამე ადგილი.
ვაჟებს შორის: ილია კავკასიძე - პირველი ადგილი; გაბრიელ პირველი - მეორე ადგილი; ვახტანგ ფერაძე - მესამე ადგილი.
ტურნირს ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე, სამინისტროს თანამშრომლები და სხვ.


აფხაზეთის ღია პირველობაზე ჭადრაკში საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, თასებით, მედლებით, ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

2018 წლის 31 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ ფინანასთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია.მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემოსულობებისა და მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტებისა და ამ პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების 2018 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ. ასევე, განიხილეს კანონპროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ. პროექტის მიხედვით პრიორიტეტულად განისაზღვრა დევნილი მოსახლეობის ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებები. იზრდება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანდაცვის, დევნილთა სოციალური უზრუნველყოფისა და განათლების პროგრამები. სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2018 წლის საშემოდგომო გაწვევის მიმდინარეობისა და აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული წვევამდელების გაწვევის გეგმის შესრულების შესახებ.

ვახტანგ ყოლბაიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

საკომიტეტო მოსმენის მიზანი ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე რუსეთის მილიტარისტული პოლიტიკის პირობებში ბავშვების მძიმე მდგომარეობაზე საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იყო.

საკომიტეტო მოსმენაზე მთავარი მოხსენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა წარმოადგინა.

სხდომაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების შესახებ. ამ მხრივ აღინიშნა ეთნიკური ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში არსებული განსაკუთრებით მძიმე ვითარება.

ყურადღება გამახვილდა სკოლებსა და ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე. სადაც მშობლიურ ენაზე განათლების მიღება იკრძალება და აქტიურად ხორციელდება რუსიფიკაციის პოლიტიკა. ასევე ადგილი აქვს ეთნიკურ დისკრიმინაციას და ხორციელდება ბავშვთა ფსიქიკასა და თავისუფალ ნებაზე ნეგატიური ზემოქმედება.

სხდომა დისკუსიით გაგრძელდა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დასახელებულ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და ხედვები წარმოადგინეს.

მოსწავლეთა შორის ჭადრაკში აფხაზეთის ღია პირველობა დასრულდა

თბილისში, ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით მოსწავლეთა შორის ჭადრაკში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა.

გოგონებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა ელენე შელიამ, მეორე ადგილზე გავიდა ბელა ნაჭყებია, მესამე ადგილის მფლობელი გახდა ელენე თოლორაია, ხოლო ვაჟებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: ილია კავკასიძე - პირველი ადგილი, გაბრიელ პირველი - მეორე ადგილი, ვახტანგ ფერაძე - მესამე ადგილი.

საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, თასებით, მედლებითა და ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ საღამო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. აფხაზური ენა, ქართულთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის ტერიტორიაზე არის სახელმწიფო ენა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ დღეს ტრადიციულად აფხაზური ენის კვირეულით ეხმიანებიან. კვირეული წლეულს 22 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბრამდე გასტანა. კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლებში შესაბამისი ხასიათის ღონისძიებები გაიმართა. შემაჯამებელი საღამო კი ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.


საღამოზე აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მნიშვნელობაზე, ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და სპეციალურ პროგრამებზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა, პროფესორმა და აფხაზოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ, მწერალმა და ჟურნალისტმა შორენა ლებანიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლის დირექტორებმა და აფხაზური ენის პედაგოგებმა. საღამოს უძღვებოდა პოეტი მანონ ბულისკერია.


საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული უნიკალური აფხაზურენოვანი წიგნები იყო გამოფენილი, ასევე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ შესრულებული აფხაზური კალიგრაფიის ნიმუშები. მოსწავლეებმა ასევე აფხაზური ლექსები და მუშნი ლასურიას მიერ აფხაზურ ენაზე თარგმილი "ვეფხისტყაოსნის" ფრაგმენტები წაიკითხეს.

ჟურნალ ,,იალქანის“ რედაქტორმა ნანა ჭანტურიამ ამ ჟურნალის საგანგებო, აფხაზურენოვანი გამოცემა ,,ცა აფხაზური“ წარადგინა. ჟურნალისტმა ირმა ოსიამ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შექმნილი აფხაზური ენის თვითმასწავლებლი - ანიმაციური ელექტრონული სასაუბრო პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება" მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თბილისში აფხაზური ენის დღე აღინიშნა

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით თბილისში, დიმიტრი გულიას მოედანზე, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გვირგვინით  შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის ტრადიციული კვირეული ჩატარდა. აფხაზური ენისა და კულტურის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, კონკურსები და გამოფენები გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადება აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით

დღეს აფხაზური ენის დღეა, რომელსაც მთელი საქართველო აღნიშნავს. საქართველოს ყოველ მოქალაქეს ვულოცავთ აფხაზური ენის დღეს, განსაკუთრებით იმათ, ვისთვისაც აფხაზური მშობლიური ენაა.  ქართულთან ერთად  აფხაზური სახელმწიფო ენაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია. ალბათ ზადმეტია იმის აღნიშვნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის  სახელწიფო ენის დაცვას, როგორც ქართულის, ისე აფხაზურის.  ამას ადასტურებს  აფხაზური ენისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის  პოპულარიზაციის გზაზე,  ჩვენს  მიერ გადადგმული ნაბიჯები. სწორედ საქართველოში გამოიცემოდა  და გამოიცემა წიგნები აფხაზურ ენაზე. სოხუმის უნივერსიტეტში და რამდენიმე სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა. აფხაზურ ფოლკლორულ მემკვიდრეობას ჩვენში  უდიდესი პატივით ექცევიან. აქ აღზრდილ ბავშვებს არაერთხელ გამოუჩენიათ თავი აფხაზური ცეკვებისა დ  სიმღერების შესრულებით.  აღსანიშნავია ისიც, რომ  „ვეფხისტაოსანი" ხშირად იკითხება აფხაზურ ენაზე, რასაც ჩვენი სამომავლო ერთიანობის სიმბოლოდ მივიჩნევთ. დღევანდელ დღეს კი ყველანი შევიკრიბებით დიმიტრი გულიას ძეგლთან, სადაც კიდევ ერთხელ წარმოვაჩენთ აფხაზური სახელმწიფო  ენისა და მისი დაცვის მიმართ ჩვენს  დამოკიდებულებას.  დარწმუნებული ვარ, აფხაზები და ქართველები ერთად მოვიშუშებთ იარებს და ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის  წარმომადგენლები დაესწრნენ.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ და აფხაზური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანან ქვაჩახიამ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა, პროფესორმა და აფხაზოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ, მწერალმა და ჟურნალისტმა შორენა ლებანიძემ, აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის საჯარო სკოლის დირექტორებმა და აფხაზური ენის პედაგოგებმა.

საგამოფენო დარბაზში ბიბლიოთეკის ფონდში დაცული უნიკალური აფხაზურენოვანი წიგნების გამოფენა მოეწყო, სადაც ასევე  წარმოდგენილი იყო აფხაზეთის საჯარო სკოლების მიერ შესრულებული  აფხაზური კალიგრაფიის ნიმუშები და აფხაზურ ენაზე ნათარგმნი  აფხაზეთის  ლიტერატურის,  ხელოვნებისა  და ძეგლთა დაცვის  შესახებ გამოცემული წიგნები. 

ჟურნალ ,,იალქანის" რედაქტორმა ნანა ჭანტურიამ ,,ცა აფხაზური" პროექტის ფარგლებში ქართულ-აფხაზურ ენაზე ჟურნალის სპეციალური გამოცემა წარადგინა.

ჟურნალისტმა ირმა ოსიამ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შექმნილი აფხაზური ენის თვითმასწავლებლი - ანიმაციური ელექტრონული სასაუბრო პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება" მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუშნი ლასურიას მიერ აფხაზურ ენაზე ნათარგმნი ვეფხისტყაოსანი და აფხაზური ლექსები წაიკითხეს. ღონისძიების ბოლოს ანსამბლმა შავნაბადამ აფხაზური სიმღერები შეასრულა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მეორე სახელმწიფო ენაა. ღონისძიების მიზანი  აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნება და მის განვითარებაზე ზრუნვაა.

თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონის გუმბათზე ჯვარი აღიმართა

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დღეს, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, ქალაქ თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონის გუმბათზე ჯვარი აღიმართა.

ჯვრის კურთხევისა და აღმართვის ლოცვა აღავლინა და ტაძრის ეზოში შეკრებილი მრევლი დალოცა პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.

„დღეს ჯვართამაღლებაა და ამავე დროს ჩვენთვის ტრაგიკული დღეა, რადგან 25 წლის წინ ამ დღეს დაეცა სოხუმი და ასიათასობით ძირძველი მოსახლე იძულებული გახდა საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა. მიუხედავად ბევრი განსაცდელისა ჩვენ დევნილეობაში მოვახერხეთ და თბილისის შუაგულში ავაშენეთ ტაძარი, რომელიც ილორის წმინდა გიორგის სახელს ატარებს. დღეს ამ ტაძარზე ჯვარი აღიმართა და მწამს, რომ ამ ჯვრის მადლით დავბრუნდებით და გავერთიანდებით“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ჯვრის აღმართვის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერი პირები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით 12 საათზე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში ერთდროულად დაირეკა ზარი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გარდაცვლილთა სულთა საოხად პანაშვიდი გადაიხადეს.

თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით შენდება.

ქუთაისში პროექტის „ჯანმრთელობა, ნდობა და მშვიდობიანი მომავალი“ პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში, სასტუმრო ბაგრატში, EU/UNDP-ის ინიციატივითა და COBERM-ის მხარდაჭერით ოკუპირებილ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის განხორციელებული ჰუმანიტარული სამედიცინო პროექტის „ჯანმრთელობა, ნდობა და მშვიდობიანი მომავალი" პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე სსიპ ,,ბიზნეს ინკუბატორის" ხელმძღვანელმა ალუ გამახარიამ პროექტის შედეგებსა  და განსაკუთრებულ მიღწევებზე ისაუბრა.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, COBERM-ის ხელმძღვანელი ირინა ლიცეკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის ა/რ ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი  ამირან დოლიძე, იმერეთის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ემზარ ღვინიანიძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ექიმები, ეთნიკური ოსები და აფხაზები  ესწრებოდნენ.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა პროექტის მხარდამჭერების დაჯილდოება.

პროექტი ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის" მიერ განხორციელდა. პროექტის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერა და მათი ჩართულობა სამშვიდობო ინიციატივების  ხელშეწყობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში.

საინფორმაციო ბანკის შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო პროექტის „საინფორმაციო ბანკის შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე“ ფარგლებში ქმნის საინფორმაციო ბანკს საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე.

პროექტი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები   (სასწავლებლად ან სამუშაოდან წასული) აფხაზეთიდან ლტოლვილი ახალგაზრდების მოძიებას, მათზე ინფორმაციის მოპოვებას - სად და როდიდან იმყოფებიან იქ, რა გზა გაიარეს, როგორ გადალახეს წინააღმდეგობები და როგორ მიაღწიეს ამა თუ იმ წარმატებას;   ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად კი დაეგზავნებათ მათ სპეციალურად შედგენილი ანკეტები.       

პროექტის მიზანია ზემოთ ხსენებული კატეგორიის ახალგაზრდებთან ვირტუალური კონტაქტის დამყარება, დამეგობრება და საბოლოოდ მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით კრებულის გამოცემა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოგვეხმაურონ და მოგვაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია ნომერზე - 577 09 22 42.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში ახალი შინაგანაწესის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საკითხი ძირითად შეეხებოდა იმ საჯარო მოხელეთა განცხადებებისა და წინადადებების განხილვას, რომლებსაც სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვები ჰყავთ და ამ ბავშვების შესაბამის დაწესებულებაში მიყვანა და დატოვება იწვევს შინაგანაწესით გათვალისწინებული სამუშაო დროის უნებლიე დარღვევას.

სამუშაო შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. განხილულ იქნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების პრაქტიკა. საბოლოოდ, რათა წამოჭრილმა პრობლემამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს სამსახურეობრივ გარემოზე, მოსამსახურეთა მხარდაჭერის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო დროსთან დაკავშირებით დაწესდეს გარკვეული შეღავათი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფილმის “მშვიდობისა და ერთიანობისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში "მშვიდობისა და ერთიანობისათვის" ფილმის ჩვენება გაიმართა.

ფილმი მომზადებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური ტელევიზიის მიერ და ასახავს პირველ ექსპედიციას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ალპინისტთა კლუბის, თანამშრომლებისა და სტუდენტების მიერ  აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალის დალაშქვრას, რომელსაც აფხაზეთის ომში დაღუპული საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა.

პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა მშვიდობისა და ერთიანობის ალპინიადაში მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების დაჯილდოება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ზურაბ გასიტაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის თავმჯდომარე ჯემალ გახოკიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომლები.

შეხვედრა იუსტიციის დეპარტამენტში

ამა წლის 23 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში შედგა შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ იუსტიციის მინისტრსა  და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონ ოთარ ბენიძესთან.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი.

მოწვეულმა სტუმარმა, ბატონმა ოთარ ბენიძემ ისაუბრა აფხაზეთის კონფლიქტის სამართლებრივ–პოლიტიკური ასპექტებზე. გაიხსენა კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შეხვედრები და მათ მიერ დადებული ხელშეკრულებები. ასევე, მიმოიხილა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საერთაშორისო აქტები, რეზოლუციები და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას.

შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების როლი კონფლიქტის დარეგულირების საკითხში და ის საკანონმდებლო პრობლემები, რომლებიც დღის წესრიგში დგას ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ იურისდიქციის თვალსაზრისით.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტისა და სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლები.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.