ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, 43-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქართული დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.
საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის დღის წესრიგის მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანონო ხელყოფა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაიყო.
თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან დაგმეს იძულებით გადაადგილებული პირის, არჩილ ტატუნაშვილის, უკანონო დაკავება და სიცოცხლის ხელყოფა. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა არის გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტებზე რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უმოქმედობის და ამ გზით ეთნიკური ქართველების მიმართ ძალადობის წახალისების შედეგი. ქართველმა მონაწილეებმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მათ ასევე ხაზი გაუსვეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივი დაკავების აუცილებლობას.
დისკუსია შედგა ძალის არგამოყენების შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განცხადების პროექტთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერაციამ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა და მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებებით მიმდინარე რაუნდზე ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების საკითხზე.
მოლაპარაკებების დროს დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილი რთული მდგომარეობა. განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და სხვა დისკრიმინაციული ზომების მძიმე შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერება, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში. მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის იძულებით დარეგისტრირება უცხოელებად და მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შემდგომი შეზღუდვა, რაც წარმოადგენს ეთნიკური წმენდის გაგრძელებას.
2018 წლის 27 მარტს დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით ქალაქ თბილისში, სამგორისა და ვაკის რაიონში ორგანიზებულად განსახლებული აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონები დაესწრნენ მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლ ,, მეფე ირემი”-ს პრემიერას.
მიმდინარე წლის 28 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ბულისკერიამ და წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა გიორგი კოკაიამ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში გამართეს სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე და აქტუალური საკითხები.
2018 წლის მარტიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ქ. თბილისის საჯარო სკოლებში პროექტი ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ განახლდა. შარშან ეს პროექტი ქ. თბილისის ხუთ საჯარო სკოლაში - №55, №147, №31, №112, №157 - წარმატებით განხორიელდა.
წლეულსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შერჩევით, პროექტის - ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ - ფარგლებში ქ. თბილისის ხუთი საჯარო სკოლაში - №4, №161, №21, №175, №87 - პროფესორები წაიკითხავენ ლექციების ციკლს, რომელიც მოიცავს საქართველოს ისტორიას აფხაზეთის ჭრილში - ანტიკური პერიოდიდან დღემდე. ლექციების მიზანია ქ. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს გაუღრმავდეთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
პროექტის მხარდამჭერია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურები.
სალექციო კურსს ხელმძღვანელობენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა, ზურაბ პაპასკირი, ლია ახალაძე. მათთან ერთად პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ლექციებს წაიკითხავენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ირაკლი გელენავა, უფროსის მოადგილე, ხელოვნებათმცოდნე გიორგი პატაშური და უფროსი სპეციალისტი ქეთევან დავითაია.
წლეულს პროექტში 200-მდე ახალგაზრდა ჩაებმება. პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე ჩატარდება ახალგაზრდული კონფერენცია აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. მოსწავლე-ახალგაზრდები, ლექციების ფარგლებში მიღებულ ცოდნაზე დაფუძნებით, საკონფერენციო თემებს წარმოადგენენ.
ქ. თბილისში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის თავისუფალი ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით, გამართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. შეჯიბრება ჩატარდა 2003-2005 ასაკობრივ 14 წონით კატეგორიაში: 26კგ., 29კგ., 32კგ., 35კგ., 38.კგ, 41კგ., 44კგ., 48კგ., 52კგ., 57კგ., 62კგ., 68კგ., 75კგ., 85კგ., დაშვებული იყო +1კგ.
ტურნირის ორგანიზატორი იყო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველო. ტურნირის შედეგების მიხედვით აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენთა შორის შვიდმა სპორტსმენმა დაიკავა სხვადასხვა საპრიზო ადგილი : გურჩიანი ლუკა - პირველი ადგილი 35 კგ წონით კატეგორიაში; ქვარიანი გიორგი - მე -3 ადგილი 57 კგ წონით კატეგორიაში; აბულაძე აკაკი - მე-3 ადგილი 68 კგ წონით კატეგორიაში; რურუა ლუკა - პირველი ადგილი 85 კგ. წონით კატეგორიაში (ბაღდათი, აფხაზეთი).
საპრიზო ადგილზე გასული ყველა სპორტსმენი დაჯილდოვდა შესაბამისი კატეგორიის დიპლომით, მედლითა და თასით. აგრეთვე საუკეთესო სპორტსმენებისათვის დაწესებული იყო თ. ბენდელიანის, ი. ომანაძის, ა. შენგელიას, გ. ხარებავას და გ. დარსანიას სახელობითი თასები, რომელთა შორის ორი თასი უზრუნველყოფილი იყო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ, 3 კი აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის მიერ.
ტურნირის მსაჯთა კოლეგიას ხელმძღვანელობდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი რუსლან დარჯანია, მდივნის ფუნქცია შეასრულა გ. გრძელიძემ.
გამარჯვებულებს შესაბამისი ჯილდოები გადასცეს ტურნირის საპატიო სტუმრებმა და მასპინძელი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა რომელთა შორის იყვნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ყურაშვილი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები, სახელობითი თასების შესაბამისი ოჯახის წევრები, ვეტერანი სპორტსმენები და მწვრთნელები.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, დადიანის ქუჩა №10-ში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტის შენობის ორი სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა.
2018 წლის 23 მარტს დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით ასამდე დევნილი, ავჭალის ,,სამხედრო კათედრის ”კომპაქტური ჩასახლებიდან, დაესწრო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლს ,,აურზაური არაფრის გამო”.
2018 წლის 24 მარტს დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი 6-12 წლამდე ასაკის 50 ბავშვი ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაესწრო სპექტაკლს ,,ხუთკუნჭულა”.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში პატივი მიაგეს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას და სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.
„არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი და ამავე დროს კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი ჩვენს ერის ისტორიაში. ეს არ არის მხოლოდ ტატუნაშვილების ოჯახის ტრაგედია, ისევე როგორც თავის დროზე არ იყო მხოლოდ ოთხოზორიების ოჯახის ტრაგედია. ეს არის მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედია.
მჯერა, რომ ჩვენი ერი დაირაზმება, ამ ტკივილსაც გადაიტანს და კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისაკენ სვლას.
მინდა დავიჯერო, რომ ტატუნაშვილი იყობოლო მსხვერპლი ამ ძალიან რთულ და ფაქიზ გზაზე“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა მხატვრების ერთ ჯგუფს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და საჩუქრები გადასცა. ახალგაზრდებმა მადლობა გადაიხადეს თბილი მიღებისთვის, მათი შემოქმედებისა და ღვაწლის მაღალი შეფასებისათვის. სამომავლოდ მხატვრები აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით სხვადასხვა გამოფენებში მიიღებენ მონაწილეობას.
მიღებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მთავრობის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
დევნილ ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვრებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
მიმდინარე წლის 23 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში „აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი და აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განსაზღვრის მიზნით შექმნილ კომისიებთან სამუშაო შეხვედრის მიზნით იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლები.
1971 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი „ტყეების საერთაშორისო დღედ“ გამოაცხადა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერებაში ტყის მნიშვნელობის დონის ამაღლება და გამეჩხრებული ტყის ტერიტორიის შევსება-აღდგენა.
21 მარტს საქართველოს პარლამენტში ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწესებული გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია 2018 - აღმოაჩინე საქართველოს“ ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ნიკო კეცხოველის კონკურსი 2014 წელს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) პროექტის „ტყის მდგრადი მართვა“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (ADC) დაარსდა. წლეულს კონკურსის ფინალში 29 სკოლა მონაწილეობდა.
კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ვიდეომიმართვები და მათ მიერ განხორციელებული „მწვანე ინიციატივების“ შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს მთელი წლის განმავლობაში გარემოსდაცვითიგანათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მდგრადი ტურიზმისა და გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულების პოპულარიზაციაში ეჯიბრებოდნენ. 29 ფინალისტი სკოლიდან 3 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა. კერძოდ, „ნიკო კეცხოველი 2018“-ის გამარჯვებული ლაითურის სკოლასა (| ადგილი) და მარადისის სკოლასთან (|| ადგილი) ერთად გალის ოკუპირებული ზონის ერთ-ერთი სკოლაც (||| ადგილი) გახდა.
დაჯილდოების ცერემონიას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ასევე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, გალის რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე.
ქალაქ ჯვარში „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ამბულატორია” გაიხსნა. ობიექტი აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ამბულატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობითა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური ატაშე თომას შოლი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ჯვარის ამბულატორიის დირექტორი გოჩა ლიპარტია, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
ქალაქ ჯვარში „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ამბულატორია" გაიხსნა. ობიექტი აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ამბულატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობითა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური ატაშე თომას შოლი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ჯვარის ამბულატორიის დირექტორი გოჩა ლიპარტია, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
ქალაქ ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონული კონფერენცია „მდ. ენგურთან „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები“ გაიმართა.
კონფერენციაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. მათ შორის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ახალი მიდგომები“, „თხილის დაავადებები და ინვაიდერები: ახალი გამოწვევები და მათთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“, „აზიურ ფაროსანასა და სხვა ინვაზიური მავნებლებისა და დაავადებათა მიერ გამოწვეული ახალი ჰუმანიტარული პრობლემები და რისკები“ და სხვა მნიშვნელოვანი თემები. ასევე ისაუბრეს მავნებლების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ უკვე განხორციელებულ და მომავალში ჩასატარებელ ღონისძიებებზე. გაიცა პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციები და რჩევები.
საკითხების განხილვის შემდეგ კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
კონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ილიანა დერილოვა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი და „გამყოფი ხაზის“ მიმდებარე ადმინსტრაციულ რაიონებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ფერმერები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.