აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავარი სტრუქტურა ანალიტიკა კონტაქტი
ახალი ამბები
შემაჯამებელი შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან

2019 წლის 29 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტს შორის 2016 წლის 29 თებერვალს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. შეხვედრის დროს განხილულ იქნა და შეჯამდა იუსტიციის დეპარტამენტში სტუდენტთა  მხრიდან  პრაქტიკის გავლის პერიოდში  განხორციელებული აქტივობები.

სამოქალაქო ფორუმი – მენტორული პროგრამის განვითარება საქართველოში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იგორ კოპალიანმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ და Hilfswerk International-ის, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-სა და „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ დაგეგმილ სამოქალაქო  ფორუმში – მენტორული პროგრამის განვითარება საქართველოში.  სამოქალაქო ფორუმის მიზანი იყო მენტორობის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში რეინტეგრაციის შესაძლებლობის კუთხით არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების რეაბილიტაციასა და რე-სოციალიზაციის პროცესის ხელის შეწყობა, რათა მათ შეძლონ „ნაბიჯ ნაბიჯ“ შექმნან უკეთესი მომავალი საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის.  საგულისხმოა, რომ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციარებმა იუსტიციის დეპარტამენტში უკვე გაიარეს სტაჟირება და სამომავლოდ, იუსტიციის დეპარტამენტი კანონთან კონფლიქტში მყოფი აფხაზეთიდან დევნილი პირების საზოგადოებაში რეინტეგრაციაში ხელის  შეწყობის მიზნით, გეგმავს ჩაერთოს მენტორობის პროგრამაში.

ზუგდიდსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციები გაეწიათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და  „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში 28-29-30  ივნისს ქალაქ ზუგდიდსა და  ქალაქ სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველა საჭირო სამართლებრივ საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს. ღონისძიების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  წევრები  ესწრებოდნენ.

იუსტიციის დეპარტამენტში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის თანამშრომელთათვის საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელი ლევან ყოლბაია, რომელმაც დამსწრეებთან ერთად, კითხვა - პასუხის რეჟიმში, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და სამართლებრივ შედეგებზე იმსჯელა. სამუშაო შეხვედრა საკონსულტაციო ხასიათს ატარებდა.

დევნილებისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობა იზრდება

2019 წლის 7 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი  აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრას ძირითდად გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. საუბარი შეეხეო უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისებს, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური დევნილი მოსახლეობისათვის გასწევს. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მხარეებს შორის, გააქტიურდება საინფორმაციო შეხვედრები დევნილ მოსახლეობასთან მათი უფლებების შესახებ და დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში გაიზრდება ხელმისაწვდომობა დისტანციურ უფასო სამართლებრივ დახმარებაზე.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს – ,,2019 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად – საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

აღსანიშნავია, რომ წელს გაეროს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დამატებით 44 ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას. თანასპონსორობით აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარად  უფრო წონადი გახდა, რადგან იგი უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთო ჯამში 45 ქვეყნის სახელითაა, და მას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

რეზოლუციის წარდგენისას, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ რეზოლუცია ეფუძნება იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს. ბატონმა იმნაძემ,   ხაზგასმით განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკიდურესად შემაშფოთები რჩება. მოსახლეობას უწევს გატაცების, უკანონო დაპატიმრების, საკუთრების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ასევე, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოთმენა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის უახლესი ანგარიშის ნახვა დიდ გულისტკივილს იწვევს, სადაც აღწერილია ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების „ტრაგიკული დაღუპვა“ საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებისას. ასეთი შემთხვევები ხშირია: ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია.

სხდომაზე აგრეთვე გაკეთდა შემდეგი მხარდამჭერი განცხადებები: სუამ-ის ქვეყნების სახელით ისაუბრა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა; ჩრდილო ევროპული და ბალტიის ქვეყნების სახელით განცხადება გააკეთა ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა, რომელსაც მიუერთდნენ ბულგარეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ნიდერლნდები, პოლონეთი და სლოვენია. მხარდამჭერი ეროვნული განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მუდმივმა წარმომადგემლებმა.

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში.

საქართველოს დიპლომატიური სამსახური მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან აღნიშნული საკითხი, მის საბოლოო გადაჭრამდე, რომელიც გულისხმობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას და აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანდგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს”.

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიება – „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა

აფხაზეთის  დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, ღონისძიება – „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა.   ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა „XIX საუკუნის აფხაზეთი ფოტოპორტრეტებში“ და აფხაზეთის კულტურულიმემკვიდრეობის ამსახველი მასალა. გაიმართა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია, ასევე, მასტერკლასები კალიგრაფიაში, ხატვასა და დიზაინში. საგანგებოდ მოწყობილ პოდიუმზე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს მაისურები – ტექსტით მე ვარ აფხაზეთი და აფხაზეთის ქალაქები.   ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება ქალბატონებსა და ბავშვებს დაეთმოთ, სადაც მათთვის სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ უმაღლეს საბჭოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა დასამტკიცებლად წარუდგინა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად კენჭი უყარა ახალ შემადგენლობას და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ანზორ მარგიანმა დაიკავა.  განათლებისა და კულტურის მინისტრად როლანდ ნიჟარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ივანე დოლიძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად დავით გვაძაბია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ კონსტანტინე კუჭუხიძე, იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ იგორ კოპალიანი, ხოლო სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ვალერი ბასარია დაინიშნა.

იერუსალიმიდან ჩამოტანილი სადაფის ჯვარი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღევლინა.    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის გადაცემული იერუსალიმიდან ჩამოტანილი სადაფის ჯვარი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს.

ზუგდიდსა და ინგირში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს გეგმიური სამედიცინო გამოკვლევებთან ერთად უფასო იურიდიული კონსულტაციები გაეწიათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში 4-5 მაისს ქალაქ ზუგდიდსა და ინგირში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს გეგმიური უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს. ღონისძიების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი რუსლან აბაშიძე მთავრობის წევრებთან ერთად ესწრებოდა.