მთავარი/სამინისტრო/ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო/მთავარი
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ომის დროს, ტამიშთან მომხდარი ბრძოლიდან 33 წელი გავიდა.ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით მიქავამ, მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მემორიალთან ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
დოკუმენტს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა დავით კაიკაციშვილმა.
 
მემორანდუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ორ უწყებას შორის კოორდინაციის გაძლიერებისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით.
 
მემორანდუმის ფარგლებში სააგენტო სამინისტროს კანონმდებლობით განსაზღვრულ საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.
 
მემორანდუმის მიზანია უწყებებს შორის თანამშრომლობის უფრო მეტად გაძლიერება და ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, მათი ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ეფექტიან ადმინისტრირებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მორიგი უფასო სამედიცინო აქცია ოზურგეთში გამართა.
 
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე გაეცნენ.
აქციით გურიის რეგიონში მცხოვრებმა ასამდე დევნილმა მოქალაქემ ისარგებლა. მათ ქვეყნის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმ-სპეციალისტებისგან კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციები და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს, ასევე, დანიშნულების საფუძველზე საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.
 
ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოფო რამიშვილი და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
 
დევნილი მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამედიცინო აქცია მომავალშიც გაგრძელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონა გეჯუა და მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისთვის გამართულ უფასო კარდიოლოგიურ აქციას დაესწრნენ.
 
ბენეფიციარებს ჩაუტარდათ კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ), ექოკარდიოსკოპია, ასევე სისხლში გლუკოზისა და საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა.
 
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობენ.
დევნილი მოსახლეობისთვის სხვადასხვა პროფილის უფასო სამედიცინო აქციები რეგულარულად იმართება და აღნიშნული ღონისძიებაც ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. ღონისძიება ქობულეთის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი დაესწრო.
 
აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს თბილისიდან მოწვეული სხვადასხვა მიმართულების ექიმი-სპეციალისტები მოემსახურნენ. მათ ჩაუტარდათ სამედიცინო კონსულტაციები და კვლევები, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამისი მედიკამენტებიც გადაეცათ.
 
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მსგავს უფასო სამედიცინო აქციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სისტემატურად ატარებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ბესიკ კუსიდის ინტერპელაცია გაიმართა.
 
სხდომაზე მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა, რომლებიც სამინისტროს საქმიანობას, მიმდინარე პროგრამებს, ბიუჯეტის შესრულებასა და დევნილი მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას ეხებოდა.
 
ბესიკ კუსიდიმ დეტალურად ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
 
შეხვედრის დასასრულს, დეპუტატებმა მინისტრისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი განმარტებები მიიღეს. სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთი“-ს ინიციატივით, ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართა.
 
კლინიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფებოდა, რომელიც აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ნინო ვიბლიანთან და სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ გენერალურ დირექტორ ნათია ფარცვანიასთან ერთად პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და დევნილ მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
 
სამედიცინო აქციაში ქვეყნის წამყვანი ექიმები ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, პედიატრი და ბავშვთა პულმონოლოგი ივანე ჩხაიძე, პედიატრი თემურ მიქელაძე, ტრავმატოლოგ-ორთოპედი ბიძინა კანაშვილი, ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა, ნევროლოგი გვანცა არველაძე, პედიატრი ჯაბა ყიფიანი, ორთოპედ- ტრავმატოლოგი მერაბ ვარძუკაშვილი, უროლოგი პაატა გიორგაძე, ოტორინოლარინგოლოგი ვაჟა ქათამაძე, გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე, ოფთალმოლოგი ქეთი ოქრუაშვილი და ყბა-სახის ქირურგი ნათია ცერცვაძე მონაწილეობდნენ, რომლებმაც აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს.
დევნილი მოზარდებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები, ქვეყნის წამყვან ექიმ სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თელავში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
 
აქციის ფარგლებში თბილისიდან მოწვეულმა ექიმებმა მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს. ასევე, ჩატარდა სხვადასხვა ინსტრუმენტული კვლევა, მათ შორის კარდიოგრამა და ექოსკოპიური გამოკვლევები. ექიმის დანიშნულების შესაბამისად, ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.
 
სამედიცინო აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონა გეჯუა, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე და სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
ღონისძიება აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხორციელდება და მის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას სააღდგომო ნობათები გადაეცათ. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას და მათთვის დღესასწაულის ღირსეულ გარემოში აღნიშვნის ხელშეწყობას.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ბესიკ კუსიდიმ, აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს სასურსათო ნობათი პირადად გადასცა.
მინისტრი იმერეთის რეგიონში, ქალაქ წყალტუბოსა და ქუთაისში მცხოვრებ ოჯახებს ეწვია, მიულოცა მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ადგილზე გაეცნო მათ სოციალურ მდგომარეობასა და საჭიროებებს. მისი განცხადებით, სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება წარმოადგენს.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ინიციატივა ემსახურებოდა სოლიდარობის, თანადგომისა და ზრუნვის გამოხატვას იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულ სოციალურ მხარდაჭერას საჭიროებენ.
 
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალშიც განაგრძობს სოციალური პროგრამების განხორციელებას, რათა ხელი შეუწყოს ბენეფიციართა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და მათი სოციალური დაცვის გაძლიერებას.
 
მინისტრთან ერთად, იმერეთის რეგიონში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები.
 
აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ნობათები ეტაპობრივად გადაეცემა აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს.
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ საბურთალოს ფილიალში, აფხაზეთიდან დევნილ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ.
 
ღონისძიებას ადგილზე გაეცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, რომელიც მინისტრ ბესიკ კუსიდისთან და ცენტრის გენერალურ დირექტორ ნათია ფარცვანიასთან ერთად შეხვდა ბენეფიციარებს და მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
 
დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა, რომელთა შორისაც ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი გვანცა არველაძე, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ირაკლი ფაღავა და პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი თემურ მიქელაძე იყვნენ ჯამში 50-ზე მეტ პაციენტს გაუწიეს სამედიცინო კონსულტაცია და მათ ბენეფიციარებზე შესაბამისი რეკომენდაციებიც გასცეს.
 
მსგავსი ფორმატის უფასო სამედიცინო კონსულტაციები დევნილი მოსახლეობისთვის საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.