აფხაზეთის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტის წევრის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თავმჯდომარის გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. ბატონი გიას სახით საქართველომ დაკარგი კარგი მამულიშვილი, ბრწყინვალე მეცნიერი და საკუთარი ქვეყნის პატრიოტი პიროვნება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ხელმძღვანელობს, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. დელეგაციაში ასევე შედიან აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი და აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ნუგზარ სექანია.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯის პრეზიდენტ დოქტორ ჯეკ ჰუკთან, ნებრასკის ვიცე-გუბერნატორ რიკ შიჰისთან და ნებრასკის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის დირექტორთან რიჩარდ ბაიერთან.
ქართული სამთავრობო დელეგაცია სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯის პრეზიდენტთან შეხვედრისას „სამშვიდობო განათლების" საზაფხულო ბანაკის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს, რომელიც სავარაუდოდ 2011 წელს ბეატრისის სტუდენტურ დაწესებულებაში მოეწყობა.
შეხვედრისას მხარეები სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯისა და საქართველოს შესახებ ისაუბრებენ. ასევე განიხილავენ საქართველოს ნებრასკითა და სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯით დაინტერესების საკითხსა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს საქართველოში.
მოეწყობა ტური „სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯის" ბეატრისის სტუდენტურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც იგეგმება ქართული დელეგაციის ვიზიტი ლინკოლნის სტუდენტურ დაწესებულებაში. „ლინკოლნის ნებრასკის უნივერსიტეტის" დოქტორის დელ ჰარნიშის ორგანიზებით, ასევე მოეწყობა ტური აღმოსავლეთის სტუდენტურ დაწესებულებაში.
20 ნოემბერს ქართული დელეგაცია ჰუმანიტარულ აქციაში მიიღებს მონაწილეობას , რომელიც ლინკოლნში მცხოვრები დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის „სოციალურად დაუცველი პირების ცენტრი"-ში გაიმართება.
14 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახალხო ზეიმი „აფხაზეთობა 2010" გაიმართა. ჩატარდა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა, აფხაზეთის ახალგარზდულმა კაპელამ, აფხაზეთის შემოქმედებითმა ჯგუფებმა, ბავშვთა ანსამბლებმა და ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების, მოზარდების ხეალნაკეთი ნივთებისა და წიგნების გამოფენა მოეწყო, რის შემდეგაც რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში, ჩრდილების სახელმწიფო თეატრმა სპექტაკლი „აფხაზეთი - წელიწადის ოთხი დრო" წარმოადგინა.
13:00 საათზე კი მუზეუმის ამფითეატრში, აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა სპექტაკლის „გამარჯობა სოხუმო" ჩვენება გამართა.
14:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქართულ-აფხაზური ტრადიციული ქორწილი გაიმართა. ქორწილი აფხაზური ტრადიციით ჩატარდა. პატარძალი ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარე სენაკური ოდიდან გამოიყვანეს. მას ეზოში აფხაზური სიმღერითა და ცეკვით შეხვდნენ, რომელიც აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა შეასრულეს. სახალხო ზეიმი „აფხაზეთობა 2010" 16:00 საათზე, გალა კონცერტით დასრულდა.
სახალხო დღესასწაულს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები და საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. „აფხაზეთობა" აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით 2009 წლიდან იმართება.
12 ნოემბერს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აფხაზეთიდან დევნილ, ვლადიმერ ფანჩულიძეს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.
ვლადიმერ ფანჩულიძე აფხაზეთის მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა ნუგზარ სექანიამ მოინახულა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის საჩუქარი პირადად გადასცა.
ვლადიმერ ფანჩულიძე დევნილობის შემდეგ ქ. სენაკში ნათესავებთან ცხოვრობს. ის 3 წლიდან ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის ინიციატივით, აფხაზეთის მთავრობას, აჭარის ხელისუფლებაში სპეციალური წარმომადგენელი ეყოლება, რომელიც აჭარაში მცხოვრები დევნილების პრობლემების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მთავრობას მიაწვდის. ამ ინიციატივის შესახებ ლევან ვარშალომიძემ განცხადება გიორგი ბარამიასთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
გიორგი ბარამიას განცხადებით, ჩამოყალიბდება სამთავრობათშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც აჭარისა და აფხაზეთის განათლების მინისტრები უხელმძღვანელებენ. საბჭოს ფუნქცია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის პრობლემებზე ოპერატიული რეაგირება იქნება.
ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრამდე, აფხაზეთის მთავრობის თვმჯდომარემ, დაბა ჩაქვში დევნილების კომპაქტური ჩასახლების ობიექტი მოინახულა.გიორგი ბარამია ადგილზე გაეცნო დევნილების სოციალურ მდგომარეობასა და საცხოვრებელ პირობებს.
აფხაზეთის მთავრობის გაფართოებული სხდომა გაიმართა ქუთაისში . სხდომას, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია უძღვებოდა. მთავრობის სხდომაზე ხუთი საკითხი განიხილეს: აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანა; ბიუჯეტის 9 თვის შედეგების შეჯამება; აფხაზეთის კანონის პროექტი ნორმატიული აქტების შესახებ და აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანა. გიორგი ბარამიამ, მთავრობის წევრებისაგანა დეტალური ინფორმაცია მოისმინა იმერეთსა და აჭარის რეგიონებში ჩასახლებული დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და მთავრობის წევრებთან ერთად, მათი მოგვარების გზები განიხილა. მთავრობის სხდომას იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლაშა მაქაცარია დაესწრო. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მხარის გუბერნატორს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისათვის, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას. გიორგი ბარამია და ლაშა მაქაცარია მჭიდრო თანამშრომლობაზე და დევნილთა პრობლემების ერთობლივ გადაწვეტაზე შეთანხმდნენ.
აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომის დაწყებამდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და ქუთაისის მერი, გიორგი თევდორაძე დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტს (გამსახურდიას № 61ა) ესტუმრნენ.
გიორგი ბარამია და გიორგი თევდორაძე იძულებით გადაადგილებულ პირთა საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.
ამ საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომაზე გიორგი ბარამიამ აფხაზეთის მთავრობის წევრებს კონკრეტული დავალებები მისცა: ადგილობრივ უწყებებთან ერთად დევნილთა პრობლემების დროულად მოგვარება, კოორდინირებული მუშაობა და პრობლემების ადგილზე გადაწყვეტა.
იმერეთის შემდეგ, გიორგი ბარამიამ აჭარის რეგიონში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტები მოინახულა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტი, კლიმატის კვირეულის ფარგლებში დიალოგს გამართავს თემაზე "აფხაზეთის ტერიტორიაზე კლიმატის ცვლილებების მიმდინარე შედეგების განხილვა". აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები აფხაზეთში არსებული რთული ეკოლოგიური პროცესების შესახებ ისაუბრებენ.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები და გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.კლიმატის კვირეულის ორგანიზატორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
ღონისძიება აფხაზეთის მთავრობის პატრონაჟით, აფხაზეთის მთავრობის საკონფერენციო დარბაზში (ყაზბეგის #42) გაიმართება.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი, ლექსო ლაგვილავა, ბაგებში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში დევნილი ბავშვების სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს დაესწრნენ.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმებმა, 90-მდე მოზარდს სამედიცინო - პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარეს.
გიორგი ბარამიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, დევნილებზე ზრუნვაა.აფხაზეთის მთვრობა სამედიცინო აქციების განხორციელებას, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების სხვა ობიექტებშიც გეგმავს.
დევნილთა სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები აფხაზეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
ბოლო ათი დღის განმავლობაში, ეს აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული რიგი მეოთხე აქციაა.
17 ოქტომბერს, 13:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა, ბაგებში (ყოფილი სტუდქალაქი) დევნილთა კომპაქურ ჩასახლებაში, დევნილთა სამედიცინო პროფილაქიკურ გამოკვლევებს დაესწრებიან.
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ, სასტუმრო ბახტრიონის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაატარა. სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა დაესწრო.
გამოკვლევებს მთელი დღის განმავლობაში შპს "აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გლდანის პოლიკლინიკის-ექიმები ატარებდნენ. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აღნიშნულ ობიექტზე 100-მდე ბენეფიციარია.
ქართული დელეგაცია შვეიცარიაში გუშინ გვიან ღამით გაემგზავრა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჟენევის მოლაპარაკებების მე-13 რაუნდში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველო ორი ძირითადი საკითხით წარსდგება - ეს არის პოლიტიკური უსაფრთხოების ახალი კონცეფცია და დევნილების უპირობო დაბრუნება. ქართული მხარე მოლაპარაკებების დროს იმ 12 დაკავებული ქართველის გათავისუფლებასაც მოითხოვს, რომლებიც ამ დრომდე ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში იმყოფებიან. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია ქართველი დევნილების თემაზე, ქართული მხარის პოზიციებს ჟენევის მოლაპარაკებაზე კიდევ უფრო გაამყარებს. ,,ამ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია დამატებითი არგუმენტია იმისათვის, რომ ვიყოთ კონსტრუქციულები და მოლაპარაკების მორიგი რაუნდი უფრო ნაყოფიერი იყოს. რაც შეეხება ქართულ მხარეს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისათვის. სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით რუსულ მხარეზე, რომელიც მუდმივად დესტრუქციულ პოლიტიკურ მანიპულუაციას აწარმოებს. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია - ბოლომდე დავიცვათ ის, რაც ჩვენთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია,"- განაცხადა შვეიცარიაში გამგზავრების წინ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ. ჟენევის მოლაპარაკებათა მეცამეტე რაუნდი 14 ოქტომბერს გაიმართება.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დღეს თბილისის ზღვაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ. აქციის ფარგლებში უფასო სამედიცინო გამოკვლევა ხუთასამდე დევნილმა გაიარა, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მათ ასევე საჭირო მედიკამენტებიც გადასცა. სამედიცინო გამოკვლევებს შპს „აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალ პირთა თბილისის პოლიკლინიკის" და შპს "აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალ პირთა ოფთალმოლოგიური კლინიკის" ექიმები მთელი დღის განმავლობაში ატარებდნენ. აქციას აფხაზეთის შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა პირადად ესწრებოდა. გამოკვლევები პერმანენტული ხასიათისაა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში სისტემატიურად ხორციელდება.
აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარე, გიორგი ბარამია ფესტივალ "ჩვენებურების" მონაწილე, აფხაზეთის კაპელას ძველი და ახალი თაობის წევრებს შეხვდა. გიორგი ბარამიამ მათ საჩუქრად საქართველოს პირველი ლედის,სანდრა ელისაბედ რულოვსის საავტორო წიგნი "იდეალისტის ისტორია" გადასცა. ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად, სოხუმიდან სპეციალურად ჩამოვიდა კაპელას ძველი თაობის ერთ-ერთი წევრი, ინგა თუაური. გიორგი ბარამია გუნდის წევრებს გაესაუბრა და ფესტივალ ,,ჩვენებურებში" მონაწილეობის მისაღებად უცხოეთიდან ჩამოსულ გუნდის წევრებს, მადლობა პირადად გადაუხადა. სვეტიცხოვლის აღმართვის 1700 და განახლების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი XII საერთაშორისო ფესტივალი ,,ჩვენებურები" 1-დან 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის ინტერნაციონალური კაპელა. გუნდს გურამ ყურაშვილი უდირიჟორებს.
აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის, ნუგზარ სექანიას ინიციატივით, დევნილთა დასაქმების ხელშეწყობისათვის საკონსულტაციო საბჭო იქმნება. ამის შესახებ აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. ნუგზარ სექანიამ შეხვედრის მონაწილეებს ერთობლივი საკონსულტაციო საბჭოს ჩამოყალიბება და დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხებში თანამშრომლობა შესთავაზა. აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საკონსულტაციო საბჭო იქნება ის სტრუქტურა, რომელიც დევნილთა პრობლემებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციას გააერთიანებს. საბჭო განახორციელებს პროექტებს, გაუწევს შუამდგომლობას და პოტენციურ დამფინანსებლებს წარუდგენს. ეს იქნება სოციალური პროექტები და ბიზნეს გეგმები. ,,დაგეგმილი გვაქვს საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილი ბეზნესმენების შეხვედრა, რომლის მიზანი დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესება იქნება. მნიშვნელოვანია ამ პროცესში იძულებით გადაადგილებულ პირთა უშუალო და აქტიური მონაწილეობა,"- განაცხადა ნუგზარ სექანიამ. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, საკონსულტაციო საბჭო აფხაზეთის ეკონომიკის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებით იქნება დაკომპლექტებული. ორგანიზაციების წევრებმა აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადეს და თანამშრომლობაზე შეთანხმდენენ. შემდეგი შეხვედრა უახლოეს დღეებში აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში გაიმართება, სადაც საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება და დებულება შემუშავდება. შეხვედრა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან, საქართველოს პარლამენტში, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.