სიახლეები

მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე და გივი მიქანაძე წყალტუბოს საზაფხულო ბანაკის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში წყალტუბოს საზაფხულო ბანაკის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა.
 
მოზარდებმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო სივრცეები, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სივრცეები და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
 
შეხვედრის ფარგლებში, გიორგი ჯინჭარაძე და გივი მიქანაძე ახალგაზრდების წინადადებებსა და ინიციატივებს გაეცნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრაში ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია მონაწილეობდა.
 
წყალტუბოს საზაფხულო ბანაკი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით იმართება და მასში აფხაზეთიდან დევნილი 35 მოსწავლე მონაწილეობს.
 
სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის მიზანია მოზარდებისთვის უსაფრთხო, მრავალფეროვანი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას, ახალი უნარების განვითარებას, თანატოლებთან ურთიერთობასა და შემოქმედებით აქტივობებში მონაწილეობას.
2026-08-15
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„1992 წლის 14 აგვისტო არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, სამხედროებს და სამოქალაქო პირებს ვინც თავი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს შესწირა. მათ მოგვცეს იმის მაგალითი თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და ღირსეულად ვემსახურებოდეთ ქვეყანას.

ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით შევძლოთ.

ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს მთავრობის პრაგმატული და თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის საფუძველზე ეს იდეა და ეს მისია, რომლისთვისაც ამ ხალხმა თავი მიუძღვნეს საკუთარ სამშობლოს, აუცილებლად იქნება აღსრულებული და ჩვენ შევძლებთ აფხაზ და-ძმებთან ერთად, ერთიან საქართველოში თანაცხოვრებას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

მემორიალთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო კონფლიქტი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

2026-08-14
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე - აფხაზეთის მთავრობა დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად ახალი პროგრამების განხორციელებას აგრძელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აგრძელებს ახალი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას და მათ შრომით ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

„ვიწყებთ პროექტს, რომელიც ჩვენი დევნილი მოქალაქეების შრომის ბაზარზე ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. აღნიშნული კუთხით ჩვენ ვიწყებთ სასწავლო კურსების დაფინანსებას ისეთ მოთხოვნად პროფესიებში, როგორიცაა დიზაინი, ციფრული მედია, მულტიმედია, საინფორმაციო ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა. ასევე,  ხორციელდება თანადაფინანსება საწარმოო ტექნოლოგიების, წარმოების, კულინარიის, კონდიტერისა და ტიხრული მინანქრის მიმართულებით.

პროგრამის თითოეული ბენეფიციარი მიიღებს მაქსიმუმ 80%-იან თანადაფინანსებას, 2000 ლარის ფარგლებში.

ასევე ვიწყებთ ახალ პროგრამებს განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით.

სახელობითი სტიპენდიები აფხაზეთიდან დევნილი, უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი და ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობის სტიპენდიას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების, აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ამოქმედდა ოთხთვიანი სტაჟირების პროგრამა აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებში. შერჩეული კანდიდატები 4 თვის განმავლობაში შეძლებენ, შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება, გაიღრმაონ პროფესიული უნარები და სრულად წარმოაჩინონ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი.

აქვე არ შემიძლია არ შევეხო სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას, სადაც უკვე გაზრდილი ბიუჯეტით ვიწყებთ ჩვენი კლუბებისა და გუნდების მხარდაჭერას. ამისათვის 205 000 ლარი გამოიყო. აგრეთვე გავზარდეთ სპორტული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა და ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს.

ამ თითოეული პროგრამის განხორციელება ცენტრალური მთავრობის მიერ გამოყოფილი დამატებითი რესურსის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს. გაზრდილი ბიუჯეტი კი ჩვენ გვაძლევს საშუალებას დავნერგოთ ახალი პროგრამები და პროექტები“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

2026-08-13
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ შინდისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირი სამხედროს ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
 
სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.
 
გმირთა მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
 
შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილებთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.
2026-08-11
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე წყალტუბოში დევნილი მოზარდებისთვის გამართულ საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის გამართულ საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებმა ბანაკის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს და კულტურული, ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ბანაკი „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო და მასში აფხაზეთიდან დევნილი 35 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
 
მონაწილეებს ისტორიის, ეთნოკულტურის, კულტურული მემკვიდრეობის და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ სემინარები, ასევე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ ქორეოგრაფისაგან ცეკვის გაკვეთილები ჩაუტარდათ. ბანაკის ფარგლებში, მოზარდებმა წყალტუბოსა და ქუთაისის ისტორიული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს.
 
საზაფხულო ბანაკის ,,კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“ მიზანია, ხელი შეუწყოს მოზარდებში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული კულტურული იდენტობის, მეხსიერებისა და ეროვნული ფასეულობების გაღრმავებას.
2026-08-09
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 სამოქალაქო პირი, 2 234 ადამიანი დაიჭრა, ხოლო 26 000 კი დევნილად იქცა.

რუსული აგრესიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 8 აგვისტოს, მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.

2026-08-08