აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა სპექტაკლს „მაგნოლიები ამბებს ყვებიან...“ დაესწრო.
სპექტაკლი ოთარ პერტახიას პიესის ინსპირაციით შეიქმნა და აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზიის მოსწავლეებმა, მათი პედაგოგის ხელმძღვანელობით, სცენაზე აფხაზეთთან დაკავშირებული მოგონებები და ისტორიები გააცოცხლეს. დადგმით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სამშობლოს უპირობო სიყვარულს, გარდაუვალი დაბრუნების რწმენასა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების მნიშვნელობას.
ღონისძიებას წყალტუბოს საკონცერტო დარბაზმა ,,ივერიამ“ უმასპინძლა. სპექტაკლის დაწყებამდე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული, სპეციალურად მოწყობილი სივრცეები და ფოტო-ზონები დაეთვალიერებინათ.
წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, იმერეთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე იოანე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.