აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

კომენტარები „ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს" უფროსი მკვლევარის სტივენ ბლენკის ინტერვიუსთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვებში ახალი ამბების სააგენტო „ აქცენტმა" გამოაქვეყნა  ჟურნალისტ მარიკა ჩუბინიძის ინტერვიუ ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროს მკვლევართან სტივენ ბლენკთან.

ინტერვიუში,  ამერიკელი მკვლევარი  ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც  ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის  შეიარაღებული დაჯგუფებების რუსული კონტროლის ქვეშ მოქცევას უკავშირდება,  აცხადებს, რომ ის იზიარებს  ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველომ ვერ შეძლო შეემუშავებინა გზები, რათა შეემცირებინა სამხრეთ ოსეთისა და პოტენციურად აფხაზეთის ანექსიისაკენ რუსეთის სვლა.

 „არც რაიმე პრევენციული ნაბიჯები და პოლიტიკა მინახავს, რაც რუსეთს შეაჩერებდა. მაგრამ გულწრფელი რომ ვიყოთ, ნატო-სა და ევროკავშირის უფრო მეტი დახმარების გარეშე მარტო საქართველოს არა აქვს საშუალება, ეს გააკეთოს. ასე, რომ ეს ზოგადი პოლიტიკის მარცხია".=-აღნიშნა ბლენკმა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევარი თავისი პასუხით წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ თავთან.  თავიდან ის ამბობს, რომ „საქართველოს მთავრობამ ვერ შეძლო, შეემუშავებინა გზები, რათა შეეჩერებინა სამხრეთ ოსეთისა და პოტენციურად აფხაზეთის ანექსიისკენ რუსეთის სვლა. არც რაიმე პრევენციული ნაბიჯები და პოლიტიკა უნახავს, რაც რუსეთს შეაჩერებდა". პასუხის მორე ნაწილში  კი აღიარებს, რომ "ნატო-სა და ევროკავშირის უფრო მეტი დახმარების გარეშე მარტო საქართველოს არ აქვს საშუალება, ეს გააკეთოს. ასე, რომ ეს ზოგადი პოლიტიკის მარცხია".

ამ წინააღმდეგობაში კი ანალიტიკოსი იმიტომ ჩავარდა, რადგანაც  თავიდანვე არასწორად დაეთანხმა „ზოგიერთი მკვლევარის" მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ საქართველოს მთავრობამ ვერ შეძლო შეემუშავებინა გზები, რათა შეეჩერებინა სამხრეთ ოსეთისა და პოტენციურად აფხაზეთის ანექსიისაკენ რუსეთის სვლა".

თუ ახლანდელ მთავრობაზეა საუბარი,  უპრიანია აღინიშნოს, რომ მას უკვე დახვდა  ამ მიმართულებით გარკვეული მოცემულობა , რომლითაც  უკვე დაწყებული და ღრმად იყო ჩიხში შესული  ამ ორი რეგიონის ანექსირების პროცესი. და, საერთოდ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ  რუსეთის შეჩერება რაიმე სახის „პრევენციული მეთოდებით" შეუძლებელია, ისევე, როგორც სტიქიური უბედურებისა, რაც  უკვე აჩვენა  უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა- რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცებამ და დონეცკისა და  ლუგანსკის „ სახალხო რესპუბლიკების" ხელოვნურად  შექმნამ.

უკრაინა ფაქტიურად  უძლური აღმოჩნდა რუსეთის წინაშე,  და არა  მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა და ის სანქციები, რომლებიც მათ რუსეთს დაუწესეს, რადგანაც, როგორც ვხედავთ,  ამით რუსეთს  ერთი წუთით არ შეუჩერებია თავისი „ სვლა ანექსირებისაკენ", უკან არ წაუღია  ამ რეგიონების მიერთების გადაწყვეტილება და ამას არც მომავალში არ აპირებს.

ამავე  ინტერვიუში კორესპონდენტი ბატონ ბლენკს უსვამს  კითხვას:

-საქართველოს მოქმედ მთავრობას რუსეთთან მიმართებაშისტრატეგიული თმენის" პოლიტიკა აქვს. ამ ფონზე ვხედავთ, რომ მოსკოვის მხრიდან თბილისის მიმართ პროვოკაციები გრძელდება. ვგულისხმობ თუნდაც უკანონო .. ბორდერიზაციას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლებთან, რაც ადგილობრივთა გადაადგილების თავისუფლებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამის გათვალისწინებით, როგორ აფასებთ საქართველოსსტრატეგიული თმენის" პოლიტიკას და რა მოუტანა ამ მიდგომამ ქვეყანას?

ამ კითხვის  საპასუხოდ კი  ამერიკელი მკვლევარი აცხადებს:

-რაც შეეხება სტრატეგიულ თმენას, ხშირ და არა მხოლოდ კავკასიის შემთხვევაში ეს წარმოსახვითი ტერმინია, რომელიც ფარავს იმ ფაქტს, რომ არ არსებობს კარგი პოლიტიკა და მთავრობა ვითარების შესაცვლელად ვერ ან არ გააკეთებს რაიმეს. ერთადერთი, რაც შეუძლია, გააკეთოს, მოვლენების განვითარების მოლოდინია. საქართველოს შემთხვევაში თავად შედეგები მეტყველებს ყველაფერზე.

მკვლევარის არც ეს სიტყვებია დამაჯერებელი, რადგანაც , ფაქტია, რომ საქართველო რუსეთს ომს ვერ გამოუცხადებს და ვერც ბირთვული იარაღით შეაშინებს.  საქართველო ამერიკა არ არის ან რომელიმე სხვა ზესახელმწიფო. ამიტომ, ვფიქრობთ , ამ სიტუაციაში სტრატეგიული თმენის პოლიტიკა და  შესაფერისი სიტუაციის დადგომის ლოდინი სულაც არ არის დამამცირებელი  საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის. მითუმეტეს, რომ  მსოფლიოში არსებული ვერც ერთი ქვეყანა ვერ  დაუშვებს თეორიულადაც კი რუსეთთან დაპირისპირებას, რადგან კარგად იცის, რა  იქნება ამის საბოლოო შედეგი. რაც შეეხება  კონფლიქტური რეგიონების გათავისუფლების  გზებს, მიგვაჩნია, რომ  ამის თეორიული შანსი არსებობს- ესაა რუსეთთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკების გზა,  მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ   რუსეთის პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას უკან არ წაიღებს, ეს თეორიულ შანსაც ბუნდოვნად ხდის.

მაშ, სად არის გამოსავალი და  ოკუპაციისგან კონფლიქტური რეგიონების დახსნის გზა? ასეთი გამოსავალი მაშინ იარსებებს, თუ ჩვენ გვექნება   ე.წ.  მნიშვნელოვანი „სავაჭრო თემა" რუსეთთან. ჯერჯერობით ასეთი თემა არ ჩანს, არ გაგვაჩნია რესურსი, რომლითაც შეიძლება რუსეთის დაინტერესება. და  თუ ასეთი „გაცვლის საგანი" მოიძებნა, ალბათ, მხოლოდ მაშინ დაიძვრება კონფლიქტის საკითხი ადგილიდან.

მეორეც, ბატონმა ბლენკმა, სამწუხაროა, რომ ვერ დაინახა  საქართველოს მთავრობის „სტრატეგიული თმენის პოლიტიკის" მიღმა, მის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები  აშშ-სთან, ნატოსთან, ევროკავშირთან დაახლოების და მათი ფასეულებების გაზიარების გზაზე, რომელიც  საქართველოს ცივილიზებული, პროგრესული ქვეყნების რიგებში აყენებს და მას გზას უხსნის უკეთესი და წარმატებული მომავლისაკენ. ამ მომავალში კი, რასაკვირველია, იგულისხმება გამთლიანებული ქვეყანა და დაბრუნებული ტერიტორიები, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება.

 

გ.ჭკადუა