აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძემ ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. მთავრობის თავმჯდომარემ ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის პატარა მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.

თეატრალიზებული სადღესასწაულო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. მსვლელობაში აფხაზეთის სულიერების ცენტრის საკვირაო სკოლის, აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დღესასწაულზე მიღებული შემოწირულობა ტრადიციულად ბავშვთა სახლებს და უმწეოთა თავშესაფრებს გადაუნაწილდება.

მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ალილოს ტრადიცია საქართველოში სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს, მისი აღნიშვნის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2001 წელს ისევ აღდგა.