აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მარანში ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი გაიხსნა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი დაესწრო.
 
შენობა საზეიმოდ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძემ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ გახსნეს.
გახსნის ღონისძიებაზე ლევან მგალობლიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კულტურის სახლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მისი რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.
 
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, საქართველოს პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ ეტაპად ჩატარდა. განხორციელდა შენობის როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის სრული რეაბილიტაცია ყველა თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებით; მოეწყო ახალი გადახურვა, სცენა, შენარჩუნდა და აღდგა შენობის ისტორიული იერსახე, თითოეული არქიტექტურული თუ მხატვრული ელემენტი.
 
რეაბილიტაციის სრული ღირებულებაა 4 466 815 ლარი.
 
ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი თანამედროვე სტანდარტის მულტიკულტურულ ცენტრად იქცევა და რეგიონის არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო კულტურულ პროექტს უმასპინძლებს.
 
შენობას 2016 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.