2025-10-09 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივის წარმომადგენლებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივის წარმომადგენლებს შეხვდა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ შემოქმედებითი კოლექტივების წარმომადგენლებს, აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო, რაც მათი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სამშვიდობო პროცესში კულტურული დიალოგის მნიშვნელობაზე და შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
შეხვედრაში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის, გიორგი რატიანის სახელობის სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“, აფხაზეთის სახელმწიფო თეატრ „აზდაკის ბაღის“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის სამსახურის და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.