აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებული სტუდენტის დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდიატის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
დაჯილდოების ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გიორგი ჯინჭარაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა.
2025-2026 სასწავლო წელს დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიატი გახდა გიორგი გამისონია, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.
სტიპენდიის მფლობელმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის, გალის რაიონის სოფელ საბერიოს საშუალო სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად სტუდენტი გახდა. სახელობითი სტიპენდია 600 ლარის ოდენობით მას ყოველთვიურად ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში გადაეცემა.
დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდია 2018 წლიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.
