ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს ზუგდიდში, სამედიცინო ცენტრ "აფხაზეთის“ ზუგდიდის ფილიალში, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად გაეცნო.
ღონისძიების ფარგლებში დევნილ ბენეფიციარებს ულტრასონოგრაფიული და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდათ. ადგილობრივი და თბილისიდან მიწვეული ექიმ სპეციალისტების უფასო კონსულტაციით ჯამში ორმოცდაათამდე ბენეფიციარმა ისარგებლა.
"აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული ქალთა კვირეულის ფარგლებში სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ ზუგდიდის ფილიალში დევნილი ქალბატონებისათვის მოწვეული სპეციალისტების მიერ ხორციელდება უფასო კვლევები, აღნიშნული კვლევები მნიშვნელოვანია დაავადებების ადრეული დიაგნოსტირებისა და მათი შემდეგი გართულებების პრევენციისთვის, გარდა ამისა, ბენეფიციარებს საჭიროების შემთხვევაში დაუფინანსდებათ დამატებითი კვლევები, რომელიც დანიშნული იქნება სპეციალისტების მიერ, მინდა მივულოცო ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე, ვუსურვებ ბედნიერებას და ჯანმრთელობას“, - განაცხადა ბესიკ კუსიდიმ.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აფხაზეთის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
