2026-04-10 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას სააღდგომო ნობათები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას სააღდგომო ნობათები გადაეცათ. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას და მათთვის დღესასწაულის ღირსეულ გარემოში აღნიშვნის ხელშეწყობას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ბესიკ კუსიდიმ, აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს სასურსათო ნობათი პირადად გადასცა.
მინისტრი იმერეთის რეგიონში, ქალაქ წყალტუბოსა და ქუთაისში მცხოვრებ ოჯახებს ეწვია, მიულოცა მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ადგილზე გაეცნო მათ სოციალურ მდგომარეობასა და საჭიროებებს. მისი განცხადებით, სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება წარმოადგენს.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ინიციატივა ემსახურებოდა სოლიდარობის, თანადგომისა და ზრუნვის გამოხატვას იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულ სოციალურ მხარდაჭერას საჭიროებენ.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალშიც განაგრძობს სოციალური პროგრამების განხორციელებას, რათა ხელი შეუწყოს ბენეფიციართა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და მათი სოციალური დაცვის გაძლიერებას.
მინისტრთან ერთად, იმერეთის რეგიონში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები.
აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ნობათები ეტაპობრივად გადაეცემა აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს.




