„აფხაზეთობის კვირეული“ რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე გამართული გალა-კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“, ბაჩანა ჭანტურიას ხელმძღვანელობით, მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამა „აიმადარა“ წარმოადგინა.
საკონცერტო პროგრამის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა.
მისასალმებელ სიტყვაში მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის დღის მნიშვნელობაზე, ქართულ-აფხაზური კავშირების უწყვეტობაზე და საზოგადოებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში ხელოვნებისა და კულტურის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ „აფხაზეთობა“, რომელიც თითოეული დევნილისა და აფხაზეთის სიყვარულით მცხოვრები ადამიანის გულში განსაკუთრებულ ტკივილსა და იმედს უკავშირდება.
ეს არის პირველი „აფხაზეთობა“, რომელიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარეშე აღინიშნება. სწორედ მისი ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით დაფუძნდა ეს დღე ნიშნად იმისა, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ჩვენი საერთო ტკივილი და საერთო მომავალი“, -აღნიშნა გიორგი ჯინჭარაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ქორეოგრაფიისა და ტრადიციული სიმღერის სინთეზი, რომელზეც მოწვეული პროფესიონალი ქორეოგრაფები და ლოტბარები მუშაობდნენ. შესრულდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები.
გალა-კონცერტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს საკანონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
23 მაისი, აფხაზეთის დღე, 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაწესდა და ტრადიციულად, ყოველ წელს მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.
