"აფხაზეთობა 2026"-ის ფარგლებში სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი - "ზღვის თეატრი" გაიმართა

„აფხაზეთობა 2026“ -ის კვირეულის ფარგლებში, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატულ თეატრში, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „ზღვის თეატრი“ გაიმართა.

სპექტაკლი მოგვითხრობს აფხაზეთიდან დევნილობაში მყოფ თეატრზე, რომელიც მთელი ძალისხმევით ცდილობს გადარჩენას და ქართული თეატრალური სივრცის ღირსეულ ნაწილად დამკვიდრებას. ისინი დგამენ სპექტაკლებს, იძენენ მაყურებლის სიყვარულსა და აღიარებას, მონაწილეობენ გასტროლებში, თუმცა მუდმივად თან სდევთ შინ დაბრუნების მოლოდინი, მონატრება და სევდა, სწორედ ისე, როგორც ზღვაში მიმავალ გემს, რომელიც კვლავ ვერ აღწევს სოხუმამდე.

სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„აფხაზეთობა 2026“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით 18-დან 24 მაისის ჩათვლით საქართველოს 5 ქალაქში მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლებიც მუსიკალურ საღამოებს, თეატრალურ წარმოდგენებს, გამოფენებს, ლიტერატურულ და სხვა შემოქმედებით აქტივობებს მოიცავს.