ფესტივალის ,,აფხაზეთის ფერ(ებ)ით - თაობათა დიალოგი" დასკვნით გამოფენა გაიმართა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე ფესტივალის ,,აფხაზეთის ფერ(ებ)ით - თაობათა დიალოგი" დასკვნით გამოფენას დაესწრო.

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, წარსულსა და აწმყოს შორის სიმბოლური დიალოგის გადმოსაცემად, XX საუკუნის სამხატვრო აკადემიის ფონდებში დაცული ნამუშევრები და ასევე, არტ-ვილა გარიყულაში ჩატარებული ფესტივალის ფარგლებში შექმნილი, სხვადასხვა თაობისა და განსხვავებული ხედვის მქონე ხელოვანების ფერწერული ტილოები იქნა გამოფენილი.

დამთვალიერებლებმა აფხაზეთის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გარდა, პროექტის განმავლობაში გადაღებული, შემოქმედებითი პროცესის ამსახველი, დოკუმენტური მასალა იხილეს.

გამოფენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ნუგზარ მგალობლიშვილმა დაათვალიერეს. საგამოფენო სივრცეში ბატონი ნუგზარის შემოქმედებაც იყო წარმოდგენილი.

ფესტივალი 23 მაისს დაიწყო და საქართველოს კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა.