აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში პროექტის ,,ფოტოგრაფია და წვეულების ორგანიზება“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ,,პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში” ფარგლებში, სსიპ აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში პროექტი ,,წვეულების ორგანიზებისა და ფოტოგრაფიის სწავლება“ დაფინანსდა.

პრაქტიკული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების გზით, პროექტში ჩართულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, განევითარებინათ კომუნიკაციის, ბიუჯეტისა და რესურსების მართვის, ორგანიზაციული, კრეატიული უნარები, გაცნობოდნენ ფოტოგრაფიის თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს, შეესწავლათ ფოტორედაქტირების საბაზისო პროგრამები და შეექმნათ საკუთარი პორტფოლიო. პროექტის ფარგლებში, სკოლა გადაღებისათვის საჭირო ინვენტარით, ფოტოკამერითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელსაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე ესწრებოდა, მოსწავლეთა საავატორო ნამუშევრები გამოიფინა და დაიდგა მინისპექტაკლი ,,ქალები, რომლებმაც ისტორია კადრად აქციეს“.

,,აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსათვის სკოლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერა, ხელშეწყობა და წახალისება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. ვულოცავ მეხუთე სკოლასა და მის მოსწავლეებს რამდენიმეკვირიანი სწავლების ძალიან საინტერესო ღონისძიებით დასრულებას. წარმოდგენილი ნამუშევრები და თეატრალური დადგმა ყველაზე კარგი ინდიკატორია ამ პროექტის წარმატებისა“, - აღნიშნა გური ბაქრაძემ.

თეატრალური წარმოდგენით მოსწავლეებმა ოთხი გამორჩეული ქალი ფოტოგრაფის ცხოვრებისა და შემოქმედების ისტორია გააცოცხლეს. ფოტონამუშევრების გამოფენაზე კი ახალგაზრდა ავტორების ხედვა, შემოქმედებითი ძიება და სამყაროს აღქმის მრავალფეროვანი ფორმები წარმოჩინდა.