სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში „აფხაზეთობა 2026“-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,აფხაზეთობა 2026-ის" შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.

აფხაზური ცენტრის ,,მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის" მიერ ორგანიზებული ღონისძიება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა. მონაწილე სტუდენტებმა, წმინდა შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის მიერ შესრულებული საგალობლების თანხლებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ს ქადაგებებიდან ამონარიდები წაიკითხეს; ორგანიზატორებმა სტუმრებს სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია; დასკვნით ეტაპზე კი ცენტრის ბაზაზე შექმნილი სკოლის მოსწავლეთა ორი ახალი კლუბი წარადგინეს.

ღონისძიებას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ელენე არდაზაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ახალციხის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რექტორი ვახტანგ თაქთაქიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე რომეო გალდავა, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.